logo_geo
eng_logo
„დაკრძალვაზე ბავშვით მივედი. წამიკითხავს, ილიას დაკრძალვაზე დედები შვილებით მიდიოდნენ, რომ მისი სახე დაემახსოვრებინათ...“
- +

21 მარტი. 2016. 21:34


გთავაზობთ ჟურნალისტ მაკა მამისეიშვილის facebook-სტატუსს ოთარ ჭილაძის შესახებ:


„რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით, ამ ქვყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ..."

 

ეს ლექსი არაა, ესაა ძეგლი, კოდექსი, კონსტიტუცია, კანონი ცხოვრების.

 

ერთხელ, მახსოვს ლონდონიდან დავურეკე, ისე ცუდად ვიყავი, ისეთი ბედნიერი ვარ-მეთქი, თქვენზე რომ ვფიქრობ მარტო არ ვარ და თქვენ ლექსებს რომ ვკითხულობ-მეთქი. თავიდანვე ეს არ მითქვამს. რაღაც ითარგმნა მისი და ეს მოვიმიზეზე ზარისთვის. თინიკომ აიღო ყურმილი - მისმა დამ. სახელი და გვარი ვუთხარი, გადაეცით-მეთქი. მოვიდა.

 

რის ოთარი იყო, რომ არ მიმხვდარიყო, რატომაც ვრეკავდი. ხომ იციო, ყველაზე ძნელი ცხოვრებაში არას თქმააო. შენ ეს ერთხელ უკვე შეძელიო და ვისაც ერთხელ შეუძლია, ის ყოველთვის შეძლებსო... არ დანებდეო.

 

ჩემი(ც) ოთარი

 

ერთხელ რაღაც ვკითხე სიყვარულის ცალმხრივობაზე. კოპები შეკრა, მე მასეთ სიყვარულს არ ვცნობ, მასეთ სიყვარულზე არ მიწერიაო. ვიღაცეები ეპრანჭებიდნენ ხოლმე - ამოწერილ-დაზეპირებული ფრაზებით. ეცინებოდა, თავს ჩაღუნავდა ხოლმე.

 

ვერ გარჩევთ, რომელზე უფრო ვგიჟდები თქვენზე, მწერალზე თუ პოეტზე-თქო. რომ გაგერჩია, მეწყინებოდაო-აღიარა.

 

დაკრძალვაზე ბავშვით მივედი, ძალიან პატარა იყო, მაგრამ მახსოვს, წამიკითხავს, ილიას დაკრძალვაზე დედები პატარა შვილებით მიდიოდნენ, რომ მისი სახე დაემახსოვრებინათო", - წერს ჟურნალისტი.



პროზაიკოსი, პოეტი და დრამატურგი ოთარ ივანეს ძე ჭილაძე 1933 წლის 20 მარტს, სიღნაღში, დედის მშობლების სახლში დაიბადა. მისი მამა ივანე ჭილაძე პედაგოგი გახლდათ ეკონომიკური და იურიდიული განათლებით. დედა - თამარ მათეშვილი - საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო. სულ სამი შვილი ეყოლათ, თამაზი, ოთარი და თინათინი. თინათინი ქართული ენციკლოპედიის თანამშრომელი იყო. ძმა კი - მწერალი. დაოჯახდა უნივერსიტეტის დამთავრებამდე. მეუღლე - ნანა თოფაძე. ჰყავს ორი შვილი - ზაზა და თამარი, და ოთხი შვილიშვილი - ნანა, ანა, ოთარი და ნათელა.


ოთარი 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. 1946 წელს გადავიდა თბილისში და დაამთავრა ვაჟთა მე-7 სკოლა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.


მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში" 1958-64 წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი 1964-73 წლებში, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორი 1973-81 წწ, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი 1981-87 წწ. 1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ „მნათობის" მთავარი რედაქტორი იყო.


პირველი ლექსები 1952 წელს ალმანახში „პირველი სხივი" გამოაქვეყნა, 1959 წელს კი პირველი პოეტური კრებული „მატარებლები და მგზავრები". მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა.


მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი „ლონდრე" (1965).


1998 წელს მწერალი ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.


ოთარ ჭილაძე 2009 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner