„მძევლები" - თვითმფრინავის ბიჭების, 80-იანი წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეზე, რუსეთში მოღვაწე რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა მხატვრული ფილმი გადაიღო.
სცენარის თანაავტორი რეჟისორთან ერთად მწერალი ლაშა ბუღაძეა.
ფილმი ნამდვილი ამბის ზუსტი ასლი და რეკონსტრუქცია არ არის, პერსონაჟებიც სხვა სახელებით არიან, თუმცა 2 წლის განმავლობაში ფილმის შემქმნელები ხვდებოდნენ რეალური ამბის მონაწილეებს, ცდილობდნენ, მათი თვალით შეეხედათ უკვე ისტორიად ქცეული მოვლენებისთვის.
ფილმში ქართული კინოს ბევრი ვარსკვლავი მონაწილეობს.
თანამედროვე ქართულ კინოში თავისი მასშტაბით ეს ფილმი უპრეცედენტოა. მასობრივი სცენები ქართული ჯარის მონაწილეობით გადაიღეს, გამოიყენეს მაღალი კომპიუტერული ტექნოლოგიები, შეიძინეს თვითმფრინავი „ტუ-134", კიდევ ერთი თვითმფრინავი რუსეთში მოიძებნა და სპეციალურად ქუთაისის აეროდრომზე ექსტერიერის გადასაღებად ჩამოაფრინეს.
ფილმის გადაღება პრაქტიკულად დასრულებულია და ქართველი მაყურებელი სურათს სავარაუდოდ, მომავალ წელს იხილავს.