„ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები ფსონზე დევს საქართველოში" - ამ სათაურით „The Wall Street Journal" სტატიას აქვეყნებს, სადაც აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი დასავლეთისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე საუბრობს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებაში რეკომენდაციებს აძლევს.
„საქართველომ კვლავ დაამტკიცა თავისი ღრმა ერთგულება დასავლური ღირებულებებისადმი. ქართველებმა არჩევნების გზით, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეორედ გასულ თვეს ჩატარდა, საუკეთესო მხრიდან წარმოგვიდგინეს თავიანთი ჯანსაღი დემოკრატია, ძლიერი პლურალისტური საზოგადოება და ღრმა ერთგულება ევროატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებისადმი. ამა წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს და გააღრმავეს 2012 წლის არჩევნების დადებითი შედეგები.
ყველა ძირითადმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მტკიცე ერთგულებას NATO-სა და ევროკავშირისადმი და ყველა მათგანი მხარს უჭერს აშშ-სთან მტკიცე სტრატეგიულ კავშირს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მითხრა და საჯაროდაც განაცხადა, რომ ეს პროცესი „შეუქცევადია" და ეს მოსაზრება ქართული საზოგადოების განწყობას ასახავს", - აცხადებს რამსფელდი.
სტატიაში დასმულია საკითხები, რა შეუძლია აშშ-ს გააკეთოს საქართველოში ასეთი მყარი მიღწევებისა და საქართველოს ასეთი მისწრაფების მხარდასაჭერად? რამდენიმე გონივრული ვარიანტი ყურადღებას იმსახურებს აშშ-ის შემდეგი ადმინისტრაციისგან.
„პირველ რიგში, უნდა აღმოიფხვრას ყველა ბარიერი საქართველოს NATO-ს წევრობის გზაზე და საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს MAP. საქართველომ გადაიხადა თავისი საფასური. ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ და NATO-ს ჯარისკაცებს გვერდით უდგანან ავღანეთსა და ერაყში.
რუსეთი პროგნოზირებად პრეტენზიებს აყენებს, რომ საქართველოს წევრობა NATO-ში პროვოკაცია იქნება. რუსეთის შესაძლო რეაქციამ NATO-ს ზოგიერთი წევრები დაარწმუნა, რომ საქართველოს სვლა NATO -სკენ უნდა გადაიდოს. NATO-ს ბოლო სამიტებზე არაერთხელ აღინიშნა საქართველოს წვლილი დასავლეთის უსაფრთხოებაში. ახლა მოქმედების დროა. დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესები არ უნდა იქნას მძევლად აყვანილი რუსეთის უკმაყოფილების გამო", - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ აგრძელებენ საქართველოს 20%-ზე მეტი ტეროტორიის ოკუპირებას. რუსეთის იმპერიალისტური ხედვა, რომელიც უკვე მოიცავს უკრაინის ნაწილსა და მთლიანად ყირიმს, არ არის თავსებადი დასავლურ ღირებულებებთან და უსაფრთხოების საკითხებთან.
„დისკუსიებმა საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე მცირე პროგრესი გვიჩვენეს. ამასობაში, რუსეთის ჯარი უფრო ღრმად მიიწევს საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს ტერიტორიისკენ. აშშ მზად უნდა იყოს, მიიღოს ზომები, რათა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ძვირი დაუჯდეს.
აშშ უფრო აქტიური უნდა იყოს აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში, რომლის ფარგლებშიც საქართველო და კავკასია დიდ როლს თამაშობენ. საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას ბედად უწერია გახდეს ევროპისა და აზიის ეკონომიკების დამაკავშირებელი ღერძი.
ამ მიზეზების გამო აშშ უფრო აქტიურად უნდა მოქმედებდეს, რათა გააღრმავოს თავისი ჩართულობა საქართველოსთან, არა როგორც საქველმოქმედო ქმედება, არამედ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები ფსონზე დევს საქართველოში. საქართველო ის მოკავშირეა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და რომელსაც უნდა მივესალმოთ", - აცხადებს დონალდ რამსფელდი.