„ქართული ოცნების" განახლებული გუნდის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან თანამშრომლობაზე საუბრობს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პარტიის წევრები, ქვეყნის სასიკეთოდ, პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამენ, „ქართული ოცნება" მათთან კონსტრუქციულ რეჟიმში იქნება.
„თუ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით ახალი სახეები, პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ქვეყნის სასიკეთოდ, რა თქმა უნდა, ვიქნებით კონსტრუქციულ რეჟიმში.
დანარჩენს რაც შეეხება, ყველა ის ადამიანი, ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, დაწყებული მიხეილ სააკაშვილით და დამთავრებული ზურაბ ადეიშვილით, თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. შესაბამისად, ამ ნაწილთან თანამშრომლობა, ცხადია, არ გამოვა", - განაცხადა სოფო კილაძემ.