ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა გადაცემაში „იმედის დრო" გიორგი ფარესიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ გიორგი მამაცაშვილი და ნუგზარ ფოფხაძე სპეციალურად შექმნილ სერვერზე ფარულ ვიდეოჩანაწერებს ინახავენ, უპასუხა და აღნიშნა, რომ ფარესიშვილის უკან დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან.
„სწორედ ეს კონკრეტული აუდიოჩანაწერი მიტანილ იქნა პროკურატურაში. გაშიფრული ჩანაწერი გამოქვეყნდა „ქრონიკა+"-ში, სასამართლოს განაჩენით, მსჯავრი დადებულია. დღეს რაში დასჭირდა ამ კონკრეტულ პიროვნებას ამის ამოტივტივება და ახალი მარაზმის, ბოდვების წამოროშვა, ჩემთვის გაუგებარია.
გამორიცხულია, ეს ინფორმაცია მას ახლა ჩავარდნოდა ხელში, კიდევ ვიმეორებ, სამი წლის წინ ეს ყველაფერი იყო შეტანილი პროკურატურაში და ძიებაც სწორედ ამ მასალების საფუძველზე მიმდინარეობდა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩვენს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, ჩემი, როგორც ჟურნალისტის წინააღმდეგ.
მსგავს მასალებთან არც გვქონია შეხება, არც გვაქვს შეხება და არც მომავალში გვექნება. უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ გამავრცელებლები და არა მხოლოდ გადამღებები, უნდა დაისაჯონ ცილისმწამებლებიც და შანტაჟისტებიც", - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.