საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და კომპანია „თბილისი პლაზას" ხელმძღვანელმა პირებმა „გალერია თბილისი" კომერციული უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე - MAPIC 2016 წარადგინეს.
„თანაინვესტირების ფონდის" ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ფონდის და „თბილისი პლაზას" ხელმღვანელებმა შეხვედრები გამართეს „გალერია თბილისით" დაინტერესებულ რითეილერებთან, სავაჭრო ცენტრებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის (software) კომპანიებთან და ციფრული მარკეტინგის ექსპერტებთან. ასევე, დაესწრნენ კონფერენციებს, რომლებზეც წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა გამოფენის მონაწილეებს რითეილ ინდუსტრიის უახლესი ტენდეციები გააცნეს და საუკეთესო გამოცდილებები გაუზიარეს. MAPIC 2016 „გალერია თბილისისთვის" წარმატებული გამოდგა, რადგან პროექტით რამდენიმე ახალი ბრენდი დაინტერესდა.
პირველი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც „გალერია თბილისის" პროექტის გუნდმა საქართველოში შემოიყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რითეილერი H&M-ია (Hennes & Mauritz). აღსანიშნავია, რომ H&M „გალერია თბილისის" პროექტით სწორედ გამოფენა MAPIC-ზე დაინტერსდა გასულ წელს.
„გალერია თბილისის" პროექტი წარმატებით ხორციელდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია სხვა მსხვილ საერთაშორისო რითეილერებთანაც, რომელთა შესახებ საზოგადოება მოლაპარაკებების დასრულებისთანავე შეიტყობს.
კომერციული უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა MAPIC (Le marché international professionnel de l'implantation commerciale et de la distribution) 1995 წელს დაარსდა და ქ. კანში, ყოველწლიურად, ერთ სივრცეში თავს უყრის 8,000-ზე მეტ მონაწილეს. მათ შორის, 2,000-ზე მეტ რითეილერს, 2,300-მდე დეველოპერულ კომპანიას და გამოფენაზე წარმოდგენილ 700-მდე კომპანიას 74 ქვეყნიდან. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია „თბილისი პლაზა" საერთაშორისო გამოფენაზე უკვე მეორე წელია მონაწილეობს.