logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: პროვოკაციული ნაბიჯით, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია
- +

24 ნოემბერი. 2016. 01:01



თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ რუსეთმა პროვოკაციული ნაბიჯით,  საერთაშორისო სამართლის ნორმები კიდევ ერთხელ დაარღვია. მისი თქმით, ამა თუ იმ მხარესთან ისტერიკული საუბრით ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად გვაქვს ვალდებულება, რუსეთთან გინდ დიპლომატიური, გინდ მოთხოვნის ენით ვისაუბროთ.


„როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვეთ, რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების შედეგად გამოიცა აქტი, რომ გალის რაიონს, რომლის ნაწილიც ოჩამჩირეს, ნაწილი კი ტყვარჩელს მიეკუთვნა, სამხედრო ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ეს მათ შორის, ითვალისწინებს იმას, რომ გალში შესასვლელად, თუნდაც  ადგილობრივმა მკვიდრმა რუსეთის მიერ მოწყობილ საგუშაგოებზე სპეციალური საშვი უნდა აიღოს.  ეს რეგიონში სიმშვიდის შექმნას და სტაბილიზაციას არ ემსახურება. რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს. მერე კი, ნელ-ნელა და სინქრონულად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს ტერიტორია დატოვონ.

 

ჩვენ ისტერიის პოლიტიკიდან გავედით და პრაგმატული, გაწონასწორებული სამხედრო პოლიტიკის განხორციელება დავიწყეთ. ამა თუ იმ მხარესთან ისტერიკული საუბრით ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება. ჩვენს მხარეს არის სიმართლე. ეს ჩვენი ქვეყანაა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად გვაქვს ვალდებულება, რუსეთთან გინდ დიპლომატიური, გინდ მოთხოვნის ენით ვისაუბროთ", - განაცხადა კობალაძემ.


როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა ამ ნაბიჯით აჩვენა, რომ შეუძლია, აქამდე ოკუპირებული რაიონების სრული ანექსია მოახდინოს.


„რუსეთმა ამ ნაბიჯით აჩვენა, რომ შეუძლია, აქამდე ოკუპირებული რაიონების სრული ანექსია მოახდინოს. ეს უფრო განაცხადია, ვიდრე რაღაც ცვლილება. რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მას საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის გათელვა შეუძლია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოთხოვნა, რომელშიც მარტო არ ვართ, რადგან სიჩუმემ დააზიანა არა მარტო საქართველო და უკრაინა, არამედ მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნები", - განაცხადა კობა კობალაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner