logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: საყოველთაო გაწვევის გაუქმების შესახებ საუბარს კაპრიზის ფორმა უფრო ჰქონდა, ვიდრე რეალობის
- +

24 ნოემბერი. 2016. 03:03



თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ სამხედროები მთელი ცხოვრება უნდა ემზადონ, რომ თუ ქვეყანას დასჭირდება, მას პროფესიონალურად ემსახურონ. მისი თქმით, საყოველთაო გაწვევის გაუქმებამ დააყენა რეალობა, რომ გაწვევა უნდა მოხდეს.



„არ შეიძლება, ეს მხოლოდ ერთი უწყების ამოცანად განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ფლაგმანი თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს, მაგრამ ურთიერთქმედება საზოგადოების ყველა ნაწილში უნდა არსებობდეს, რადგან  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ჩვენი სახელმწიფოებრივი ვალდებულება და პოზიციაა.

 

ჩვენ ვამბობდით, რომ საყოველთაო გაწვევის ცალმხრივად, შეუთანხმებლად გაუქმება პრობლემების კასკადს გამოიწვევდა. თუ რომელიმე სეგმენტი არ მუშაობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა გააუქმო და გაანულო. საყოველთაო გაწვევის გაუქმების შესახებ საუბარს კაპრიზის და არაფრისმომცემი პიარის ფორმა უფრო ჰქონდა, ვიდრე რეალობის. როცა რაღაცაზე უარს ვამბობთ და რაღაცაზე გადასვლა გვინდა, შესაბამისი მომზადების პროცესი უნდა გავიაროთ. საყოველთაო გაწვევის გაუქმებამ დააყენა ის რეალობა, რომ გაწვევა უნდა მოხდეს, მაგრამ მომზადების ფორმა უნდა გადაიხედოს", - განაცხადა კობალაძემ.


კობალაძემ შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ ჩაჩიბაია მზარდი და განვითარებული ოფიცერია.


„ჩვენ ორიენტირებული ვართ, ნებისმიერი ახალი საკადრო გადაწყვეტილება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ადეკვატური იყოს. დინამიკას თვალი რომ გადავავლოთ, ვლადიმერ ჩაჩიბაია საკმაოდ მზარდი და განვითარებული ოფიცერია. თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობაში მსახური მან რიგითი პოზიციიდან დაიწყო და დღეს საერთაშორისო დონის სამხედრო სპეციალისტია. მისი წარმატება თუ წარუმატებლობა ქვეყანაზე პირდაპირპროპორციულად აისახება და მას თანადგომას ვუცხადებ ყველა იმ ინიციატივაში, რაც ჩვენი ქვეყნის თავადცვისუნარიანობას წაადგება", - განაცხადა კობა კობალაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner