ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ჩვენ უნდა გავხდეთ მომსწრე, რომ ახალი ცვლილებები დაგვანახოს მინისტთა კაბინეტმა, განსაკუთრებით, ეკონომიკურმა გუნდმა", - ამის შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.
სამთავრობო გუნდზე საუბრისას, მჟავანაძემ დადებითად დაახასიათა თითქმის ყველა სამინისტროს მუშაობა, განსაკუთრებით გამოყო სასჯელაღსრულების, სოფლის მეურნეობის, ლტოლვილთა, ჯანდაცვისა და შს სამინისტროები. რაც შეეხება საგარეო უწყებას, მჟავანაძის თქმით, სამინისტროს პოლიტიკა გადასახედია.
„განსაკუთრებით დადებითად ვაფასებ დასახელებული უწყებების მუშაობას. თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი არსებობს საგარეო მიმართულებით. პირადად მე, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ზურაბ აბაშიძეს ვისურვებდი და არა ჯანელიძეს, ვინაიდან ზურაბ აბაშიძემ დაგვანახა, რომ მას აქვს საკმაოდ კარგი შედეგები იმ მიმართულებით, რაც მას ავალია. და საერთოდ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვერ მოგვარდება, თუ ჩვენ არ დავილაპარაკებთ რუსეთთან. როდესაც არსებობს პრობლემა, მხარეები სხდებიან და ლაპარაკობენ. თუ ძალისმიერი მეთოდებით არ შეგიძლია ტერიტორიების დაბრუნება, გაურკვეველია, რატომ არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან მოლაპარაკების მიმართულებით. პუტინი ყავაზე, ჩაიზე და მუსიკაზე სასაუბროდ რომ არ გვეპატიჟება მოსკოვში, ხომ ვიცით? ჩვენ კი კვლავაც გავიძახით: NATO, ევროკავშირი. გასაგებია, რომ ევროინტეგრაციის კუთხით უნდა გადავდგათ ნაბიჯები, მაგრამ ამ NATO-ში არავინ გვიღებს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საგარეო პოლიტიკა კვლავაც განგაშის საფუძველს იძლევა, ვინაიდან ის ისეთივეა, როგორიც სააკაშვილის დროს. არ მინახავს ქვეყანა, სადაც მოლაპარაკების გარდა, პრობლემა რაიმე გზით გადაწყვეტილიყოს", - განაცხადა მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.