„ჩანაწერები გუშინწინ გაკეთდა თუ იმის წინ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მსგავსი რაღაცები შევარდნაძის დროსაც ხდებოდა. უბრალოდ, მაშინ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები არ არსებობდა და მასშტაბებიც ასეთი ვერ იქნებოდა."- განაცხადა გადაცემაში 2030 ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის" დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების გავრცელება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და საბოლოოდ ქვეყანაში დესტაბილიზაციის დანერგვა იგეგმება.
„კადრების გავრცელებას პოლიტიკური მიზანი აქვს. ეს, შესაძლოა, ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესებში შედიოდეს. ფაქტია, რომ ამით პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და ეკონომიკური ხასიათის მნიშვნელოვანი პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა ხდება. ეს ყველაფერი შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ვერ ვიტყვი, რომ კადრები, მაინცდამაინც, რუსული სპეცსამსახურების გავრცელებულია. თუმცა, ეს ყველაფერი ხელს რუსეთს აძლევს." - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.