კინორეჟისრო გოგა ხაინდრავას განცხადებით ფარული ვიდეო ჩანაწერების აქტიური წარმოება წინა ხელისუფლების დროს მიმდინარეობდა და ამის შესახებ „ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაშ მოსვლის დღიდან ძალიან კარგად იცოდა, თუმცა გარკვეული მიზეზებისა და გავლენების გამო დამნაშავეების სათანადო დასჯა ვერ მოხრეხდა:
„ახალი ხელისუფლება დილემის წინაშე დადგა. თუ დამნაშავეთა დასჯის პროცესი დაიწყებოდა, ის უამრავ ადამიანს ჩაითრევდა. წარმოიდგინეთ, სახელმწიფოს მხრიდან რა მასშტაბის დანაშაული იქნა ჩადენილი. რა სამუშაოები ჩატარდა და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა 26 ათასი ფაილის შექმნაში?! გამოდის, რომ სამრთალდამცავ სტრუქტურებში მომუშავეთა 70 % დასასჯელია, რადგან ამის შესახებ ყველამ იცოდა. საზოგადოების დიდი ნაწილიც ასევე დამნაშავეა, რადგან ფაქტებს დუმილით ხვდებოდა." - განაცხადა გოგა ხაინდრავამ და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" „გადარჩენა" დასავლეთის ინტერესებშიც შედიოდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი მოსახლეობა დაატერორა და დააყაჩაღა. ამით რუსეთის ინტერესები განხორციელდა, რაც სააკაშვილმა შესანიშნავად შეასრულა. დასავლეთმა კი, თავსმოხვეული კოჰაბიტაციით, ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და დამნაშავეების დასჯის საშუალება არ მისცა. ყველას გვახსოვს, როგორ მიდიოდა პირდაპირი მუქარები, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის ხელი არ ეხლოთ." - აღნიშნა კინორეჟისორმა.