ქალაქი ოზურგეთი 170 წლისაა - წელს საიუბილეო თარიღი ქალაქ ოზურგეთში გიორგობის დღესასწაულზე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებას გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სპეციალურად მოწვეული საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
ზეიმს განსაკუთრებული მუხტი შესძინა მოძრაობის თეატრმა, რომელმაც ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა გამართა და მას მოქალაქეებიც შეუერთდნენ. ქალაქის 170 წლიანი ისტორია სხვადასხვა თემატიკის გამოფენით და პერფორმანსით გაცოცხლდა.
ჭადრების ბაღში გამოიფინა უძველესი სამუზეუმო ექსპონატები, ეროვნული კოსტუმები, ფოტოები, ხალხური რეწვის, გურული კუთხის, სხვადასხვა ღვინის ჯიშისა და საშემოდგომო თემატიკის კომპოზიციები. გამოფენების პარალელურად ჭადრების ბაღში კონცერტი მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობას ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „გურია" და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები იღებდნენ.
დღის მეორე ნახევარში სტუმრებმა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში გადაინაცვლეს, სადაც გურიის მხატვართა კავშირის 30 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. საღამოს კი ღონისძიების კულმინაცია, საპატიო ოზურგეთელის ტიტულის მინიჭების ცერემონია დაიწყო. წელს საპატიო ოზურგეთელებად ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე და მეორე სკოლის ყოფილი დირექტორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი ლიანა იმედაშვილი დასახელდნენ, რომელთაც ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ საპატიო ოზურგეთელის სიგელები პირადად გადასცა.
გია სალუქვაძე, გურიის მხარის გუბერნატორი: „არაჩვეულებრივი დღეა. სასიხარულოა, რომ ალეგრობის ტრადიციები ასე ლამაზად ცოცხლდება ჩვენს ქალაქში. ქალაქი ოზურგეთი წლევანდელ ღონისძიებას ხვდება ისე, როგორც არასდროს. ჩვენი ქალაქი განახლებული და განსაკუთრებულად გალამაზებულია. ვულოცავ ოზურგეთელებსა და გურიის მხარის ყველა მაცხოვრებელს დღევანდელ დღეს".
არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი: ,,ვულოცავ ჩემს ძვირფას ოზურგეთელებსა და ოზურგეთს ალეგრობას. ეს არის სიმბოლური დღე, როდესაც ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს და ვეუბნებით, თუ რა გაკეთდა ჩვენს ქალაქში და ერთმანეთს ღიმილს ვუცვლით. დღეს გალერეაში წარმოდგენილ ნამუშევრებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა გურულების მუდმივი დაპირისპირება ყოფირებასთან, აზროვნებისა და კლიშეების კონფლიქტი. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს თვითმყოფადობა. ალეგრობა არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო დღე, რომელიც, ამავდროულად, ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს".
ბეგლარ სოირიძე, ქალაქის მერი: „მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ქალაქი ასე გრანდიოზულად აღნიშნავს 170 წლის იუბილესა და ალეგრობას. ორმაგად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ამ დღესასწაულის აღდგენა და ალეგრობას უკვე მესამე წელია ვმართავთ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ალეგრობა უფრო და უფრო მრავალფეროვანი და სანახაობრივად საინტერესო ხდება. ქალაქი ოზურგეთი მართლაც გამორჩეულია თავისი ისტორიით. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია, როცა მომავალი თაობები ეცნობიან და არ ივიწყებენ მშობლიური ქალაქის წეს-ჩვეულებებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ოზურგეთელებს დღევანდელ დღეს და თითოეულ სტუმარს მადლობას ვუხდი ჩამობრძანებისთვის".
ღონისძიება ესტრადის ცნობილი მომღერლების ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძის, თიკა მახალდიანის და ნინი წიკლაურის გალა-კონცერტით გაგრძელდა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა და ალეგრობა-ოზურგეთობის დღესასწაული ოზურგეთელებსა და ქალაქის სტუმრებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.