ლაშა ამირეჯიბის განცხადებით, გიორგი ფარესიშვილის ბრალდებები ნუგზარ ფოფხაძისა და გიორგი მამაცაშვილის წინააღმდეგ უსაფუძვლოა.
როგორც გადაცემა „იმედის დროში" ლაშა ამირეჯიბმა გაიხსენა, შეხედრაზე, რომელსაც გიორგი მამაცაშვილი, ლაშა ამირეჯიბი, გელა ხვედელიძე და ნუგზარ ფოფხაძე ესწრებოდნენ, გიორგი ფარესიშვილის მონაწილეობით რაიმე სახის ვიდეოს გავრცელებაზე საუბარი არ ყოფილა და ამ ამბავს უბრალოდ „კუდები მოაბეს".
ლაშა ამირეჯიბი შეხვედრის დეტალებს იხსენებს:
„მე არ მითქვამს გიორგი ფარესიშვილისთვის, რომ ნუგზარ ფოფხაძეს ან კიდევ ვინმეს სურდა ვიდეოს გამოქვეყნება. მე ვთქვი ერთი რამ, რომ ამაზე იყო საუბარი, რომ თითქოსდა არსებობს გარკვეული ფირი. გიორგი ფარესიშვილმა მითხრა, რომ მსგავსი არაფერი არსებობს. დავიხურე ქუდი და წამოვედი, ეს იყო და ეს.
თუ მეკითხებით, რატომ წავედი გიორგი ფარესაშვილთან, ჩვეულებრივი ამბავია, მივედი და ვკითხე ადამიანურად, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ წინა ხელისუფლებას, ანუ „ნაციონალური მოძრაობის" დროს არსებულ კუდ-ს რამე ჰქონოდა მის წინააღმდეგ. ადამიანურად მივედი და ვკითხე, მეტი არაფერი.
რატომღაც ამ ლაპარაკს მოაბეს კუდები, რომ თითქოსდა ვიღაცას უნდოდა ფარესიშვილის ვიდეოს გავრცელება. არავის მაგის სურვილიც კი არ გამოუთქვამს იმ შეხვედრაზე.
ხვედელიძე ბევრს არაფერს ლაპარაკობდა, თუმცა იმ შეხვედრაზე სულ სხვა სალაპარაკო გვქონდა. იქ არც ყოფილა ამ თემაზე ლაპარაკი, რომ ოდესღაც რომელიმე მათგანი რამეს გააკეთებდა. რატომ მოაბეს ეს კუდები? მაშინ მივიდოდი ფარესიშვილთან და ვეტყოდი, რომ ვიდეოს გავრცელებას აპირებდნენ", - განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა.