სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთან ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ დადებული შეთანხმების რატიფიკაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.
მისივე თქმით, ე.წ. შეთანხმება ეწინააღმდეგება ასევე რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს 2008 წლის შეთანხმების შესაბამისად.
„ეს ე.წ. შეთანხმება არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას. ნატო-ს პოზიცია უცვლელი რჩება: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და საქართველოს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
არსებული ინფორმაციით, რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესაძლოა, გალი სამხედრო ქალაქი გახდეს.