logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის და იგორ გიორგაძის შექმნილია
- +

25 ნოემბერი. 2016. 02:05


 

„მიხეილ სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და დანარჩენებმა  ჩვენი ტერიტორიები გაყიდეს და  აფხაზეთის დაბრუნების არანაირი შანსი არ დაგვიტოვეს", -ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ემზარ კვიციანმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. კვიციანის თქმით, სააკაშვილთან ერთად, ბოკერია და მისი გუნდი რუსეთის სპეცსამსახურებთან იყო შეთანხმებული, რომ ის რუსეთში აღმოჩენილიყო.



„ერთადერთი ბლოკპოსტი კოდორის ხეობა იყო და ისიც დაგვაკარგვინეს. ზუსტად 24 ნოემბერს, დილის 9 საათზე შემოგვიტიეს, სადაც 4 კაცი დამეღუპა. რისთვის დავღუპე ის ხალხი, რომ მერე სააკაშვილი მოსულიყო და ეს ტერიტორიები ჩაებარებინა?! ამის შემდეგ, 27 ნოემბერს კიდევ 3 კაცი მომიკლეს. მომიკლეს 17 წლის ბავშვი და ადამიანები, რომლებმაც ეს  ჩაიდინეს, დღეს გვეუბნებიან, რომ რუსეთში მე აფხაზეთის გავლით მოვხვდი.

 

 

ამაში რუსეთში მცხოვრები ქართველებიც იყვნენ ჩართული, რომლებთანაც ძველი ნაცნობობა მაკავშირებდა. მათ ჰქონდათ გეგმა, რომ მე კოდორიდან როგორმე გავეყვანე, რაც მოახერხეს კიდეც, რადგან ჩამიტყუეს და წამიყვანეს. ამის შემდეგ, რუსებს უნდოდათ, ხელი რაღაც ქაღალდზე მომეწერა, რომ თითქოს, რუსების შემოსვლა მინდოდა. აი, რა გეგმა ჰქონდათ და ჩემი ლიკვიდაცია აქ რატომ არ მოხდა", - აღნიშნა კვიციანმა.


როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას და მათ გუნდს უნდოდა, ტერიტორიის ჩაბარება მისთვის დაებრალებინათ და მის წინააღმდეგ რამდენიმე ხაფანგი იყო დაგებული.



„რუსები მეუბნებოდნენ, რომ იქ ქალი მოკლეს. სახელი არ მითხრეს, რათა მეფიქრა, რომ და მომიკლეს. ჩემთვის სულერთი იყო, რადგან ის ქალი, რომელიც მომიკლეს, ჩემთვის დასავით იყო. მაწვდიდნენ ინფორმაციას, რომ სახლები აგვიფეთქეს, რათა გავმწარებულიყავი და კოდორის ხეობაში რუსების შესვლაზე ხელი მომეწერა. ხელი რომ მომეწერა, ნაციონალებს დღეს ხელში ექნებოდათ დოკუმენტი, რომ კოდორის ხეობაში რუსები კვიციანმა შემოიყვანა, მაგრამ ეს ვერ მივართვი. ამის შემდეგ ჩემი ოჯახი სოჩაში გაიტყუეს და სად უნდა წავსულიყავი, როცა ჩიხში აღმოვჩნდი.

 

 

ჩემს წინააღმდეგ რამდენიმე ხაფანგი იყო დაგებული და ფეხი ყველაზე მარტივ ხაფანგში ჩავდგი. მეორე ხაფანგი ის იყო, რომ მათ სვანების სეპარატისტულ რელსებზე გადაყვანა უნდოდათ. მე რომ იქ ხალხი დამეხოცა, წამოვიდოდნენ და თბილისსა და მთელ საქართველოში სვანებს დაერეოდნენ. ძალა მათ ხელში იყო და ამას აუცილებლად გააკეთებდნენ, რადგან ეს დავალება ჰქონდათ. აი, სწორედ ეს ავირიდე, წავედი და დინებას გავყევი. ორი ვარიანტი მქონდა, ან ღალატზე უნდა წავსულიყავი, ან საკუთარი თავის წინააღმდეგ მელაპარაკა. მე ვიცოდი, რომ ყველა დისკი, რომელზეც ჩემი განცხადებებია ჩაწერილი და, რომელიც აქ ჩამოვიდა,  ჩემს წინააღმდეგ იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. იმ განცხადებებით ჩემს ქვეყანას არანაირი ზიანი არ მიდგომია. ზიანი მიადგა ჩემს ოჯახს და დას, რომელიც ციხეში ჰყავდათ", - განაცხადა კვიციანმა.


როგორც კვიციანმა აღნიშნა, კოდორის ჩასაბარებლად მარტო ერთი სახელმწიფო არ იბრძოდა. მისი თქმით, დასავლეთმა კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები КГБ-ს თანამშრომლები არიან.


 

„ამერიკელებიც ამას გვეუბნებოდნენ, რომ კოდორის ხეობა ჩასაბარებელი იყო. რატომო რომ ჰკითხეს, მათ უპასუხეს, რომ ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო. კითხვაზე, რომელ ხელშეკრულებაზე იყო საუბარი, მათი პასუხი იყო - ეს თქვენი საქმე არ არის! აი, ესაა ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყანა. სწორედ ამიტომ ეშინოდათ ჩემი და ახლაც ამიტომ ეშინიათ იმ საიდუმლოებასთან ჩემი მისვლა.

 

ქვეყანამ იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის და იგორ გიორგაძის შექმნილია. სააკაშვილს გაპრეზიდენტებამდე ბრონირებული ჯიპი გიორგაძემ არ აჩუქა?!  თვალთმაქცობით ხალხს ატყუებდნენ, თორემ ამით ამერიკა და დასავლეთი არ ტყუვდება. მათ ყველაფერი იციან, მაგრამ ერთმანეთში თანხმდებიან. საინტერესოა, როდის გამოააშკარავებენ საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთსა და ამერიკას შორის რა ხელშეკრულება არსებობს", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner