ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
დღეს ყველა აღშფოთებით საუბრობს „ტვ-პირველის" გადაცემაში მომხდარი უმსგავსო ფაქტის შესახებ. ადრე, „იბერვიზიაც" „გვანებივრებდა" ასეთი „გასართობი" მოვლენებით. „კავკასიაც"...
დღევანდელი ფაქტი ცალსახად დასაგმობი, სამარცხვინოო და აღმაშფოთებელია. ალბათ რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო ტელესივრცეში იმოგზაურებს ეს ჩანაწერი. სხვაობა იმაში იქნება, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები ვერ „იღადავებენ" იმაზე, თუ „დაკა-დაკის" დროს წამყვანი ვარცხნილობას როგორ ისწორებდა. ამ მხრივ, ვახო სანაიას კოპწიობას ვერ დააბრალებენ.
არაერთგზის მითქვამს საჯაროდ, დამიწერია: ასეთი სამარცხვინო და ყოვლადდასაგმობი კონფლიქტების, ასეთი თავშეუკავებლობის, ასეთი უზრდელობის საფუძველი მხოლოდ რესპონდენტების აღზრდაში და უკულტურობაში არ უნდა ვეძებოთ.
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ტელეწამყვანების და პროდიუსერების პროფესიონალიზმში უნდა ვეძებოთ, იმ გამარტივებულ მიდგომაში, რომლითაც ხასიათდება ასეთი „შოუს" მონაწილეთა შერჩევის და თავად გადაცემის მომზადების პერიოდი. მთელმა საქართველომ იცის ზოგიერთების (მათ შორის პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების) თავხედური ბუნება, გაუნათლებლობა, პროვოკაციებისადმი მისწრაფება, რაც ცხადზე ცხადია მათი ეკრანზე მიწვევამდეც. ყველამ იცის, გარდა ჩვენი ტელეწამყვანებისა და პროდიუსერებისა.
სკანდალებისადმი მიდრეკილება, რომელსაც, სამწუხაროდ, რეიტინგის ამაღლებისთვის დაუოკებელი სურვილი და პროფესიული ფსიქოლოგიის მწირე ცოდნა განაპირობებს, საბოლოო ჯამში დამღუპველად მოქმედებს ტელეარხის, ცალკეული გადაცემებისა და ჟურნალისტების რეპუტაციაზე.
არ არის დრო, რომ საზოგადოებამ ხმა აღიმაღლოს ამ უბედურების წინააღმდეგ?