logo_geo
eng_logo
ირაკლი კორძაია: ვერ წარმოვიდგენდი, რომ ცეცხლმოკიდებული ეკლესია ადამიანებში ისეთ აღტაცებას გააღვიძებდა, როგორც 1921 წელს!
- +

22 მარტი. 2016. 03:49


ჟურნალისტი ირაკლი კორძაია სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს სადაც თანამედროვე ყოფაში ეკლესიის მნიშვნელობაზე საუბრობს:


„სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გადავაწყდი რამდენიმე სასიხარულო-ნიშნისმოგებით დაწერილ სტატუსს. ვერ წარმოვიდგენდი რომ ცეცხლმოკიდებული ეკლესია ადამიანებში ისეთ სიხარულს და აღტაცებას გააღვიძებდა, როგორც ავადსახსენებელ 1921 წელს (ასეთივე სიველურედ მიმაჩნია, დამწვარი მეჩეთის თუ სინაგოგის დანახვისას ხელების ფშვნეტა). მათი ემოციები გულის სიღმიდან მომდინარეობს, სრულიად გუწრფელია და არაფერი აქვს საერთო ცივ გონებასთან. და მაინც, რა ასაზრდოებს სხვისი გულისტკივილით გამოწვეულ ამ სიხარულს? სიხარულს რომლის ფესვებიც ტოტალიტარული რეჟიმის ჯურღმულებიდან მომდინარეობს.

 

ბუნებრივია, მლიქვნელობა, ღვარძლი, მევახშეობა, ანგარება, პატივმოყვარეობა და კიდევ ბევრი სხვა მანკიერი თვისება ყველგან არის; ყველგან, სადაც ადამიანია... და რაკიღა, დღეს გახშირდა საუბრები იმ ცალკეული საეკლესიო იერარქების ყოფა-ცხოვრების შესახებ, რომლებიც თავისი არსითა და რაობით ზნეობრიობის ნიმუშად უნდა გვესახებოდნენ, ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვაქვს უფლება (მოვალეობა), რომ საღად შევაფასოთ ეკლესიის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის სოციალური ინსტიტუციის ქმედებები. გავუწიოთ გარკვეული ინსპექტირება ჩვენს პირად დამოკიდებულებასა და მიდგომებს ამ სისტემის მიმართ (ხაზს ვუსვამ, ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის, და არა როგორც სწავლების და ქრისტეს წმინდა სხეულის) ყოფითი გაგებით, ეკლესიაც ადამიანთა გაერთიანებაა, ადამიანებს კი სჩვევიათ შეცდომების დაშვება. გავიმეორებ: საუბარია არა ქრისტეს სხეულზე, არა მართლმადიდებელ სწავლებაზე (რომელიც ჩემთვის ძვირფასია) არამედ ეკლესიის ცალკეუ მაღალ იერარქებზე და მათ ქმედებებზე.

 

რთულია ხანდახან რაიმე არგუმენტი დაუპირისპირო ეკლესიის კრიტიკოსებს როდესაც ისინი ფინანსური თემებით პედალირებენ. გამოსავალი ისევ და ისევ შიგნით უნდა მოიძებნოს - გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებაში ეკლესიამ რეალური თანამონაწილეობა უნდა მიიღოს.

 

ხანგძლივი ტოტალიტარული რეჟიმის დასასრულმა ნაბიჯ-ნაბიჯ, მეტ-ნაკლებად გამოაღვიძა ხალხი. როგორც იქნა, ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გახდა ისეთი საკითხები, როგორიცაა სამართლიანობა, პირადი ღირსების დაცვა, ძალადობისა და ბოროტების მიუღებლობა და პიროვნების პატივისცემა. ხალხმა ისწავლა პროტესტის გამოთქმა. და საფიქრებელია, რომ დადგა დრო, როდესაც ეკლესია, როგორც ოჯახისა და, ზოგადად, ადამიანების, ქომაგი, უფრო კონკრეტული იყოს თავის შეფასებებში. რეალობა ინტენსიურად იცვლება და ამ ცვალებად რეალობასთან მუდმივი კონტაქტია საჭირო.

 

აუცილებელია ეკლესიის მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან დღეს ადამიანი გარკვეუწილად დაუცველი, უუფლებო და დამცირებულია. ხალხმა სულ ცოტა, ის მაინც უნდა იგრძნონ, რომ სჭირდებიან ეკლესიას. ძალიან ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ ის არ ფიქრობს მათზე, არ არის მათთვის - ის "სხვა" ადამიანთა კრებულია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ასეთმა ნაწილმა დაინახოს და გაიგოს, რომ თითოეული მათგანი ეკლესიისთვის ძვირფასი და საჭიროა. რომ ღვთის მსახურები მძიმე მომენტში მათ ხელს გაუწვდიან ყოველგვარი კითხვის, პირობის, წინაპირობის და მოლოდინის გარეშე. უბრალოდ, ხელს გაუწვდიან.

 

ადამიანში რწმენის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისეთი მოძღვარია, რომელშიც ვერ დაინახა ასე სანატრელი უფლის სახე - ხატი. უპირველესად, ეს არა რწმენადაკარგული ადამიანის პრობლემაა, არამედ იმ სასულიერო პირის ვინც მას იმედი დააკარგვინა, რადგან ვერ დაინახა ქმედითი, კონკრეტული ქრისტიანობა. სამწუხაროდ, მძიმე ცხოვრებით გადაღლილი ადამიანები ვერ პოულობენ სიყვარულსა და ღვთიურ გამოვლინებას ვერც რეალურ ცხოვრებაში და ვერც ცალკეული მწყემსმთავრების ქმედებებში და საქმეებში.

 

მაძიებელი ადამიანი დახმარებას საჭიროებს. მისი ეს სურვილი სულაც არ არის სისუსტის ნიშანი. არა! მას უბრალოდ სჭირდება ვიღაც, ვინც დაეხმარება გზის მოძებნაში. და როდესაც მას ხვდება ამგვარი მეგზური - მოძღვარი, სწორედ ეს შეხვედრა წარმოადგენს მისიონერული პროცესის უმთავრეს აქტს. მისიონერი აზიარებს მას ქრისტიანული ცხოვრების წესს, და თუ მაძიებელი განიცდის რეზონანსს, თუ მასში გამოძახილს პოვებს ის, რაზედაც ესაუბრებიან, ის თუ როგორ იქცევიან და როგორ ცხოვრობენ, მაშინ მიზანი ახლოსაა... რადგან მისია არ არის მხოლოდ ტექსტი, მისია ცხოვრების წესია..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner