თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირს არალეგალი მიგრანტებისთვის თურქეთის საზღვრების გახსნით დაემუქრა.
„თუ ასე გააგრძელებთ და კიდევ უფრო შორს წახვალთ, საზღვრები გაიხსნება, გაითვალისწინეთ", - მიმართა ერდოღანმა ევროკავშირის ლიდერებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ.
.
მისი თქმით, ევროკავშირმა არ შეასრულა დაპირებები, რომლებიც ანკარას მიგრაციული შეთანხმების ფარგლებში მისცა. ერდოღანმა ბრიუსელს შეახსენა, რომ მიგრაციული შეთანხმების ფარგლებში, თურქეთი იძულებულია, სამი მილიონი არალეგალი მიგრანტი შეიფაროს.
ხუთშაბათს გამართული კენჭისყრის შედეგად ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებას. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იურიდიულად სავალდებულო არ არის, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს პოზიციას გამოხატავს და რეკომენდაციული ხასიათისაა.
დოკუმენტს 479 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 37 იყო, 107-მა კი თავი შეიკავა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მომავალში კვლავ აპირებს თურქეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას.