logo_geo
eng_logo
მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი „ნიღაბი“ 2 დეკემბერს გაიხსნება
- +

25 ნოემბერი. 2016. 22:38


 

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი „ნიღაბი" წელს მეხუთედ გაიმართება. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზი 2 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.


ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. მათ მიერ გამოვლინდება გამარჯვებული 14 ნომინაციაში.


ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.


ფესტივალში მონაწილეობას სხვა უნივერსიტეტის დასებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი „ჰიგიაც" მიიღებს, რომელიც სპექტაკლით „მატარებელი" წარსდგება.


თეატრ „ჰიგიას" რეჟისორი ნათია გუჯაბიძე „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი და იმედოვნებს, რომ მაყურებლისთვის მათი სპექტაკლი საინტერესო იქნება.


„ფესტივალში „ნიღაბი 2016" თეატრი „ჰიგია" წარსდგება სპექტაკლით „მატარებელი". ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფესტივალს, იმიტომ, რომ ყოველწლიურად „ჰიგია" თავის სათქმელს ამბობს. ეს სპექტაკლი საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, არის დრამა და მისი მთავარი აზრი არის ის, რომ კითხვები, რომელიც ოდესღაც უპასუხოდ დავტოვეთ, აუცილებლად გაგვცემენ თავის პასუხს", - აღნიშნა ნათია გუჯაბიძემ.

 

 

ფესტივალ „ნიღაბის" ორგანიზატორმა ხატია სულაბერიძემ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, რომ ფესტივალი საერთაშორისოა და უცხოელ სტუმრებს წელსაც ელოდებიან.


„მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია „ASTA" უკვე მეხუთედ მართავს ფესტივალს „ნიღაბი". ორგანიზატორებს მოლოდინი ძალიან დიდი გვაქვს. ჩართულობაც უფრო გაიზარდა, რაც ძალიან გვახარებს. ეს ფესტივალი საერთაშორისოა. წელსაც ველოდებით უცხოელ სტუმრებს. ასევე აქტიურად არიან ჩართულები ქართული უნივერსიტეტის დასები. 14 ნომინაციაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები და ფესტივალი სამედიცინო უნივერსიტეტში 2-დან 10 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება", - აღნიშნა ხატია სულაბერიძემ.

 


სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე აბესალაშვილი ფესტივალში მონაწილეობას იღებს, როგორც მოყვარული მსახიობი. იგი იმედოვნებს, რომ საზოგადოება დაინტერესდება მათი სპექტაკლით.


„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალი „ნიღაბი", რადგან ამ დროს გამოდიხარ რეალური სამყაროდან და ხვდები ისეთ სამყაროში, რომელიც შენთვის წარმოუდგენელია. ძალიან გამიხარდება, თუ ჩვენი საზოგადოება და არამარტო სტუდენტები, მოვლენ და ჩვენს სპექტაკლებს დაესწრებიან", - განაცხადა სალომე აბესალაშვილმა.

 


ორგანიზატორი ოთარ ბუხრაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ ფესტივალის მასშტაბები დროთა განმავლობაში გაიზარდა და ისეთი დიდი ორგანიზაციის წევრები არიან, როგორიც არის „AITA/IATA". იგი იმედოვნებს, რომ ფესტივალი ამ წელსაც წარმატებული იქნება.


„ფესტივალისათვის მეხუთე საიუბილეო წელია. დიდი წარმატებაა ეს ისეთი პატარა ორგანიზაციისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. დროთა განმავლობაში გაიზარდა ფესტივალის როგორც ცნობადობა, ისე მასშტაბები. არა მარტო ეროვნული თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო თვალსაზრისითაც და უკვე ისეთი დიდი ორგანიზაციის წევრი ვართ, როგორიც არის საერთაშორისო მოყვარულ თეატრთა ასოციაცია „AITA/IATA". მათი მხარდაჭერითა და ცნობადობით ვატარებთ ფესტივალს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფესტივალი წელსაც წარმატებული იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მონაწილეებისთვის", - განაცხადა ოთარ ბუხრაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner