მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე სიახლეებია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს.
მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებები ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ "ამაზრზენი დანაშაულის" ჩამდენები კანონის სიმკაცრით დაისაჯონ.
„საქმეზე საქართველოს პროკურატურა შსს-სთან და სუს-სთან ერთად ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს იმისთვის, რომ დადგინდეს პირები, ვინც ინტერნეტსივრცეში ვიდეოების ატვირთვა მოახდინა. რა თქმა უნდა, სიახლეები არის, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ სიახლეებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ შესაბამის ეტაპზე საზოგადოებას გამოძიების მსვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით.
სხვა ქვეყნები ჩართულები არიან, რადგან ამ ვიდეოფაილების ატვირთვა უცხოურ ინტერნეტგვერდებზე განხორციელდა. შესაბამისად, მათი ჩართულობის გარეშე საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩავატარებდით. არაერთი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაა გაგზავნილი სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებში და, რა თქმა უნდა, მათი დახმარების დიდი იმედი გვაქვს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.