logo_geo
eng_logo
„კინო სკოლაში“ 2016 წლის სეზონს ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?“ დახურავს
- +

27 ნოემბერი. 2016. 10:39



27 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი" პროექტის „კინო სკოლაში" დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლებს. „კინო სკოლაში" 2016 წლის სეზონს ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?" დახურავს.



ღონისძიებას კინოსკოლელებთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?" წევრები დაესწრებიან. თამაშში გამარჯვებულ კინოსკოლელებს მინისტრები დააჯილდოვებენ.



„კინო სკოლაში" ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი ორიენტირებულია კინოგანათლების პოპულარიზაციაზე და მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. 2016 წლის სეზონის ფარგლებში, კინოსკოლელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ესწრებოდნენ კინოჩვენებებს, მართავდნენ დისკუსიებს და იღებდნენ მოკლემეტრაჟიან სასწავლო ფილმებს.



რაც წლევანდელ სეზონს პროექტის სხვა სეზონებისგან გამოარჩევს, ინტელექტუალური თამაშია. ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?" წევრებმა სპეციალურად პროექტისთვის „კინო სკოლაში" კითხვები კინოს თემატიკიდან შეადგინეს, მოეწყო შესარჩევი ტურები, გამარჯვებული გუნდები კი ერთმანეთს სწორედ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 27 ნოემბერს შეეჯიბრებიან. ფინალურ შეხვედრას დაესწრება სულ 500 კინოსკოლელი, 80-ზე მეტი გუნდიდან.



პროექტი 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად 40 სკოლას მოიცავდა. ამჟამად, პროექტში უკვე 168 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner