logo_geo
eng_logo
ხვალიდან შობის მარხვა იწყება
- +

27 ნოემბერი. 2016. 13:35



28 ნოემბრიდან მორწმუნეებისთვის შობის მარხვა დაიწყება.

კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 28 ნოემბერს და 7 იანვრამდე გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.



საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია.


ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით".



ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმიდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ".

 


სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით, „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისაგან ქვის ორი ფირფიტა მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი, ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ვიხილავთ და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით".



საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ, რათა წმიდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმიდა გული მივუძღვნათ.



შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.


შესაძლოა, გამონაკლისი პირველ იანვარს გაკეთდეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევის შემთხვევაში, მმარხველები თევზის მიღებას შეძლებენ.



წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს.



 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner