ავტორი მარიამ პაიჭაძე
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჟურნალისტისა და მწერლის, მაია კახიძის წიგნის, სახელწოდებით „ფეხბურთზე მეტი" პრემიერა გაიმართა. როგორც მწერალი ამბობს, წიგნში თავმოყრილია ქართულ ფეხბურთთან და „დინამოსთან" დაკავშირებული მოგონებები. კახიძის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის ამ წიგნის გამოცემას და აქვე დასძენს, რომ მომავალში კიდევ ბევრი წიგნის გამოცემას გეგმავს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნის გამოცემა შევძელი. წაკითხვა ადვილია, დაწერასაც არაუშავს, მაგრამ გამოცემის ტექნიკურ მხარეებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს არის წიგნი მოგონებებზე, მოფერებაზე, სევდაზე და იმ სითბოზე, რომელიც ჩემს თაობას „დინამოს" მიმართ აქვს. ბევრგან მოვხვდი, სადაც „დინამოს" გამარჯვებებს მისტიროდნენ და ამ ყველაფერმა ბევრჯერ დამაფიქრა. მადლობელი ვარ გამომცემლობა „კალმოსანის" და ხვიჩა ყალაბეგაშვილის.
რაც შეეხება სათაურს, „ფეხბურთზე მეტი" - ის სიყვარული, რომელიც არის დღემდე ეს არის სწორედ ფეხბურთზე მეტი.
გეგმები და პროექტები ბევრი მაქვს. უკვე იმ ასაკში ვარ, როდესაც უნდა ვიჯდე და ვწერო. პატარ-პატარა ამბები მაქვს შემონახული და მინდა თბილისს მივუძღვნა წიგნი „თბილისელი ქალის დღიურები". უკვე დაწყებული მაქვს მუშაობა და დავასრულებ და მინდა ასე მოვეფერო თბილისს", - განაცხადა მაია კახიძემ.
წიგნი გამომცემლობა „კალმოსანისა“ და მწერლის მეგობრების დახმარებით გამოიცა. მწერალი და გამომცემელი ხვიჩა ყალაბეგაშვილი „რეპორტიორთან“ საუბარში ამბობს, რომ ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია, რადგან ის ძველი და ახალი თაობის ფეხბურთელებს აერთიანებს.
„გამომცემლობა „კალმოსანმა“ გამოსცა ქალბატონ მაია კახიძის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო წიგნი ფეხბურთზე. წიგნს ასე ჰქვია - „ფეხბურთზე მეტი“, როემლიც, მე ვფიქრობ, ძალიან საჭირო და დროული იყო თანამედროვე სპორტის მოყვარულებისთვის. ეს აერთიანებს, როგორც ძველი თაობის ფეხბურთელებს, ასევე ახალ თაობას და ერთგვარი შეჯამებაა იმ საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბების, რაც მაშინ ხდებოდა. ვთვლი, რომ ეს გამოცემა მნიშვნელოვანი იქნება ახალი თაობისთვისაც. გზას დავულოცავ ახალ წიგნს და ვუსურვებ ბევრ მკითხველს“, - განაცხადა ხვიჩა ყალაბეგაშვილმა.
ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელები, მსახიობები და სხვა საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი წიგნის წინასიტყვაობის ავტორია. იგი „რეპორტიორთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ თხოვნასა და შეთავაზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა.
„რა თქმა უნდა, ფეხბურთი ეს ის სახეობაა, რომელსაც ემონება მთელი მსოფლიო, მაგრამ როდესაც ქართულ ფეხბურთზეა საუბარი, ეს გრძნობა ორმაგად და სამმაგად ძლიერია, მითუმეტეს, როცა ფეხბურთზე წერს ქალბატონი - მაია კახიძე. მე როცა სპორტული ჟურნალისტობა და კომენტატორობა დავიწყე თამილა კახიძე იყო რადიოში სპორტული განყოფილების უფროსი და ეს გვარი არასდროს დამავიწყდება. ამ გვარმა კიდევ ერთხელ იფეთქა ჩემში და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, როდესაც მაიამ მთხოვა, წინასიტყვაობა დამეწერა ისეთი წიგნისთვის, რომელშიც არის ქართული ფეხბურთის ყველა ვარსკვლავი“, - განაცხადა ჯამლეტ ხუხაშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდა მსახიობი ბიძინა მახარაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ მაია კახიძე უნიკალური ადამიანია, რომელსის ყველა პროფესიას ფლობს და წარმატებები უსურვა მას.
„მაიამ რომ მითხრას თბილისის დინამოს მწვრთნელად დამნიშნესო, არ გამიკვირდება. ეს არის ქალი, რომელიც ფლობს ყველა პროფესიას თუ რამე არსებობს. მე და მაია „რერო“-ში სცენაზე ერთად ვიდექით, რაც ბევრმა არ იცის. მსახიობია, თავისი განათლებით საესტრადო აქვს დამთავრებული. მერე ვნახე ერთ-ერთ ცნობილ გაზეთში ჟურნალისტი იყო, შემდეგ წიგნი გამოსცა, პოეტიც ყოფილა, ახლა ვნახე პროზაიკოსიცაა - უნიკალური ადამიანია. მე ყოველთვის მის გვერდით ვარ, როცა შემიძლია და გულით და სულით მივესალმები მას“, - განაცხადა ბიძინა მახარაძემ.