ბელარუსი დეფაქტო აფხაზეთის, ცხინვალისა და ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ცნობს,- სწორედ ამის დასტურია ის განცხადებები, რასაც ბოლო პერიოდში, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს საქარველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა დიმიტრი მირონჩიკმა რამდენიმე დღის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ყირიმში წასვლის მსურველი ბელარუსის მოქალაქეები გააფრთხილა.
"კიდევ ერთხელ გვინდა გავაფრთხილოთ ჩვენი მოქალაქეები იმის შესახებ, რომ თუკი გეგმავთ საკურორტო სეზონზე ყირიმის ნახევარკუნძულზე წასვლას, უნდა იცოდეთ, რომ უკრაინის გავლით იქ შესვლა აკრძალულია. თუკი გადაწყვეტთ წასვლას რუსეთის ფედერაციის გავლით, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ აღარ გექნებათ უკრაინაში შესვლის უფლება და ასევე უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, დაგეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა", - განაცხადა მირონჩიკმა.
თებერვლის თვეში, ანალოგიური განცხადება გააკეთა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან მიმართებაში.
"ბელარუსის სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისგან, ვინც აფხაზეთის მონახულებას გადაწყვეტს, მოითხოვს, რომ საქართველოს კანონდმდებლობას პატივი სცენ, - განაცხადა მირონჩიკმა.
"თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით ბელარუსის დამოკიდებულება საქართველოს ისეთი მტკივნეული თემებისადმი, როგორიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია. ჩვენი პოზიცია უცვლელია. ბელარუსის რესპუბლიკა აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მონახულების შემთხვევაში, ბელარუსის მოქალაქეები გაფრთხილებულები არიან, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას.
"აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მონახულების შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები გაფრთხილებულები არიან, რომ უნდა გაითვალისწინონ საქართველოს კანონმდებლობა", - განაცხადა პრესსპიკერმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "აიპრესმა" კომენტარის გაკეთება საქართველოს ელჩს ბელარუსში დავით კოტარიას თხოვა.
აიპრესი: ბატონო დავით, არის თუ არა ეს ფაქტობრივად ბელარუსის მხრიდან განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი არ ცნობენ ოკუპირებულ ტერიტორიებს?
დავით კოტარია: ბელარუსის მთავრობა არასდროს დაუბრუნდება აღიარება-არაღიარების თემას, ბელარუსის სახელმწიფო ინტერესებში არ შედის ე.წ წარმონაქმნებთან თანამშრომლობა. ისინი მიესალმებიან იმას, რომ რაც შეიძლება მეტი განვითარება ჰპოვოს ორმხრივმა ურთიერთობებმა საქართველოსთან" - განაცხადა დავით კოტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა: თუ რუსეთის ფედერაციას არ უნდა დაკარგოს ბელარუსი როგორც შუამავალი უკრაინასთან, მოვუწოდებ, ნუ შეეცდება ზეწოლა მოახდინოს და ჩვენგან ყირიმის აღიარება მოითხოვოს.
"ტყუილად ნუ "მაწვებით", არ ვაღიარებთ ჩვენ არც ყირიმს და არც აფხაზეთს და ამის შესახებ პირადადაც გითხარით", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.