მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიის შესახებ, პროკურატურის გაუმჭვირვალე საქმიანობას შეეხებოდა, განაცხადა, რომ მსგავსი შეფასება არასწორია, რადგანაც მაშინ, როდესაც დღეს საქართველოს მთავარი პროკურორი დამოუკიდებელი საპროკურორო საბჭოს წინაშე მიდის და ანგარიშს წარადგენს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
„მე ვფიქრობ, რომ შეფასება, რომ პროკურატურა არ არის გამჭვირვალე, არასწორია, ვინაიდან თუნდაც დღევანდელ დღეს, როდესაც საქართველოს მთავარი პროკურორი მოდის დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოს წინაშე და წარსდგება დეტალური ანგარიშით, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, სადაც არის საუბარი დეტალურად ჩვენი საქმიანობის თითოეული მიმართულების შესახებ, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გამჭვირვალედ არ ვმუშაობთ, არის არასწორი. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციების რაოდენობას და ჩვენს მიერ ჩატარებულ ბრიფინგებს, ფაქტობრივად, არც ერთი კითხვა არ არსებობს დღეს, სადაც პროკურატურა თუნდაც ჟურნალისტებს არ გასცემს პასუხს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.