logo_geo
eng_logo
„გთხოვთ, ეს წერილი აიყვანოთ პირად კონტროლზე“, - ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
- +

28 ნოემბერი. 2016. 14:28



„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დამფუძნებელს  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.



„საქართველოს ეკონომიკური  განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით,  მიმდინარე წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში განსახორციელებელი მსოფლიო მნიშვნელობის მასშტაბური ღონისძიებების თაობაზე,  „არგენტინის სახლმა საქართველოში" არაერთხელ გამოაგზავნა წერილები თქვენს სახელზე „ქართუ ფონდში".  

 

გასული წლის 22 ნოემბერს, ჩვენი შეხვედრისას თქვენ დაგვპირდით დახმარებას „არგენტინის სახლი საქართველოში", -  უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საქმეში. სწორედ ამ  მიზნით, დაავალებდით  თქვენი ფონდის დირექტორს ბ-ნ ნიკოლოზ ჩხეტიანს, რათა მიეღო შესაბამისი ზომები. სამწუხაროდ,  პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ. 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ა.წ. 8 და 16 ნოემბერს „არგენტინის სახლმა საქართველოში" წერილები კვლავ გამოაგზავნა „ქართუ" ფონდში.

შეგახსენებთ,  რომ  საკითხი ეხება სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის" ქვეყნებთან თანამშრომლობით შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბრის პირველ ნახევარში:  

 

1. საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგების, ენერგეტიკისა და ტურიზმის განვითარების მიზნით არგენტინისა და ბრაზილიის ბიზნესწრეების წარმომადგენლების მოწვევა  და  ეკონომიკური ფორუმის მოწყობა თბილისში, სიღნაღის მუნიციპალიტეტსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში; 

 

2. არგენტინისა და ბრაზილიის  ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს შორის  ამხანაგური თამაშის ჩატარება   ფეხბურთში -  „მეგობრობის თასზე";

 

3. ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაცია, 1965 წელს, მოსკოვში,  ბრაზილიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდებს შორის, ამხანაგური თამაშის შემდეგ გადაღებული ისტორიული  ფოტოს მიხედვით, -  რომელშიც ასახული არიან გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი;

 

4. ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის  პრეზენტაციაზე გიორგი სიჭინავასა და ანზორ კავაზაშვილის მოწვევა;

 

5. ბ-ნ ავთანდილ ხარაიშვილის „ჰიმნი ვარსკვლავებზე", ბ-ნ ვაჟა აზარაშვილის   მუსიკის მიხედვით - პრეზენტაცია;

 

6. არგენტინის,  ბრაზილიისა და საქართველოს  ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების  ერთობლივი კონცერტები. 

 

 

ბატონო ბიძინა, ამ ღონისძიებების  შესახებ  მასმედიაშიც არაერთხელ გაცხადდა და  თქვენი საერთაშორისო ავტორიტეტის გათვალისწინებით, ჩვენ დიდ იმედს ვამყარებდით და ახლაც ვამყარებთ თქვენს გულისხმიერებაზე მამულიშვილური საქმის მიმართ! აგრეთვე, ამჟამიმდელი პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილის დამოკიდებულებაზე.

 

სამწუხაროდ,  რეალობა ისეთია, რომ თქვენი  და საქართველოს პრემიერ-მინისტრის  მხრიდან, მთელი წლის განმავლობაში,  ფაქტობრივად დავრჩით უყურადღებოდ.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ ზემოაღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოხდა გაუგებრობა ან,  სხვადასხვა მიზეზების გამო,  არ დაფიქსირდა თქვენი და ხელისფლების საქმიანი პოზიცია. რამდენადაც ჩვენს საერთაშორისო პროექტში  მზად იყვნენ ჩართულიყვნენ  „მერკოსურის" ქვეყნების საქმიანი წრეები.  იმის გამო, რომ   მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ოფიციალური პასუხი ვერ მივიღეთ (არ გვაქვს თქვენგან და ხელისუფლებისაგან დასტური),  უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე.    

 

ბატონო ბიძინა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მასმედიის საშუალებით ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოსა და „მერკოსურის" ქვეყნების საზოგადოებრიობა  ელოდებიან ამ პროექტის განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ა.წ. 24 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის"  საშუალებით კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში ზემოაღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების თაობაზე, -  მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან!    

 

ბატონო ბიძინა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, განიხილოთ ქვეყნისათვის მნიშვნლოვანი პროექტის განხორციელების საკითხი და თქვენი გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობოთ.

 

გთხოვთ, ეს წერილი აიყვანოთ პირად კონტროლზე და მოგვცეთ წერილობითი პასუხი", - აღნიშნული განცხადება პატარქალიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner