ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ლარის კურსი უკვე სარეკორდო მაჩვენებლებს უახლოვდება", - ამის შესახებ „მრეწველების" თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ცნობილია, მთავრობა აპირებს დედოლარიზაციის მიმართულებით გარკვეული პროექტის განხორციელებას. ტყემალაძის თქმით, უმჯობესია, თუ ეს პროექტი თავიდანვე იქნება ცნობილი, ვინაიდან მოსახლეობა, ვინც ეროვნული ვალუტის კურსით შეწუხებულია, „ცოტა უფრო დამშვიდდეს".
„რაც მთავარია, სწრაფად უნდა დავიწყოთ პროექტი. მეტი არაფრის თქმა შემიძლია, გარდა იმისა, კურსზე იმოქმედა არჩევნებმა, რომელმაც ამ პერიოდში შეაფერხა ეკონომიკური წინსვლა. მთავრობის ახალმა შემადგენლობამ კი, ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოზიდულ იქნას ინვესტიციები და ამ ინვესტიციების წყალობით მოხდეს სამუშაო ადგილების შექმნა და ლარის კურსის გამყარება", - განაცხადა ტყემალაძემ.