საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნაზეა საუბარი პროკურატურის ანგარიშში, რომელიც უწყებამ საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.
მისი მიხედვით, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივ და სამოხელეო დანაშაულებთან დაკავშირებით, 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე ოქტომბრამდე პერიოდში, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება დაიწყო 200-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 185 ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების: შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსის, სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილის, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მიმართ.
„მოცემული საქმეებიდან, სასამართლოში განსახილველად საქმე წარიმართა 145 პირის მიმართ, რომელთაგან 100 პირის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი (დაახლოებით 360-მდე დანაშაულებრივ ეპიზოდზე), ხოლო 8 პირის მიმართ - გამამართლებელი განაჩენი. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, დღევანდელი მონაცემებით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს 170-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სასამართლოში განიხილება 30-ზე მეტი გახმაურებულს სისხლის სამართლის საქმე", - ნათქვამია ანგარიშში.