ინტერნეტსივრცემ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, ინფორმაციის მიღებასთან და გაცემასთან ერთად, სხვა დამატებითი ფუნქციაც შეიძინა. ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ხშირია მუქარის შემცველი გზავნილებიც. მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის და ქონების ჩამორთმევის თაობაზე. შსს-ს აკრძალული შინაარსისა და პროგრამული მასალების გავრცელებასთან ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ გიორგი ჯაფარიძეს „კვირა" სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა. მან განგვიმარტა, თუ როდის ხდება მსგავსი ტიპის ქმედებები დასჯადი, რამდენად ხშირია ინტერნეტბულინგის შემთხვევები და ვინ არის, მეტწილად, მისი მსხვერპლი.
- ბ-ნო გიორგი, გთხოვთ, განუმარტოთ ჩვენს მკითხველს, ითვლება თუ არა სოციალურ ქსელში ადამიანების სიტყვიერი შეურაცხყოფა დანაშაულად და თუ ასეა, რა სამართლებრივი ნორმაა ამისთვის გათვალისწინებული?
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სიტყვიერი შეურაცხყოფა დანაშაულის სახედ განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, ის არ ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. შესაძლებელი მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების გზით დავაა.
- 1407846_ორიგ-რა ხდება მაშინ, თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილსაც შეიცავს?
- რაც შეეხება მუქარას, ის სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით ისჯება. თუ სოციალური ქსელის მეშვეობით დაფიქსირდება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, რომელსაც მუქარის ადრესატი აღიქვამს რეალურად და გაუჩნდება აღნიშნულის საფუძვლიანი შიში, სახეზე გვექნება დანაშაულის ნიშნები და მომხდარზე გამოძიებას დავიწყებთ.
- თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა ცინიკური ფორმით არის მიყენებული და მოქალაქის დისკრედიტაციას ემსახურება? ასეთ შემთხვევაში როგორ რეაგირებთ? ეძებთ იმ პირებს, რომლებიც ამ ტიპის ქმედებებს ახორციელებენ?
- როგორც უკვე მოგახსენეთ, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ წარმოადგენს დანაშაულს. შესაბამისად, მსგავსი სახის ფაქტზე ვერ ხდება პიროვნების ძიება, რადგან არ არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი (სსკ-ით გათვალისწინებული ქმედება), ხოლო გამოძიების დაწყების გარეშე პიროვნების იდენტიფიცირებისათვის ღონისძიებების გატარება ფიზიკურად შეუძლებელია.
- დასჯადია თუ არა ისეთი პროპაგანდა, რომელიც დეზინფორმაციას და ამა თუ იმ პიროვნების დისკრედიტირებას ემსახურება?
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ისეთი მასალის დამზადება ან გავრცელებაა დასჯადი, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის კულტს. ეს ქმედება, ფართო გაგებით, გულისხმობს ისეთი მასალის დამზადებას, გავრცელებას, ჩვენებას ან შენახვა-გავრცელებას, რომელიც ძალადობის ან სისასტიკის კულტს უწევს პროპაგანდას. ეს შეიძლება იყოს კინოფილმი, ვიდეოფილმი ან სხვაგვარი მასალა. აღნიშნულ ქმედებებს მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლი. სხვა სახის პროპაგანდა კანონით დასჯადი არ არის.
- რამდენად ხშირია ინტერნეტში ბულინგის შემთხვევები? სტატისტიკურად როგორია 2016 წლის მონაცემები? გაიზარდა წინა წლებთან შედარებით თუ შემცირდა?
- ზუსტი ციფრების დასახელება მიჭირს, თუმცა, მინდა მოგახსენოთ, რომ არც თუ ისე ხშირია და წინა წლებთან შედარებით, სტატისტიკური თვალსაზრისით, კლების ტენდენცია შეინიშნება.
- ინტერნეტბულინგის შემთხვევაში ყველაზე ხშირად რა ასაკობრივ კატეგორიასთან გვაქვს საქმე?
- ბულინგის მსხვერპლი, ძირითადად, მოზარდები არიან. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში, ზრდასრულებიც.
- აწარმოებთ თუ არა ინტერნეტსივრცის მონიტორინგს? თუ ასეა, რომელ ვებგვერდებზე შეიმჩნევა ყველაზე ხშირად ბულინგის შემთხვევები? მაგალითად, ესა თუ ის ფორუმი...
- ვერ დავარქმევდი აღნიშნულს მონიტორინგს, უფრო სწორი იქნება, თუ მედიის საშუალებებით გადმოცემული ინფორმაციის გაცნობას ვუწოდებდით, რადგან გამოძიების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციაა ამ დანაშუალის შესახებ, რაზეც ვახდენთ კიდეც რეაგირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაცნობა. ასევე, თუ ზოგადად ქართულ ინტერნეტსივრცეში ხდება უკანონო შინაარსის შემცველი მასალის გავრცელება, მისი აღმოჩენისთანავე ხდება შესაბამისი რეაგირება. თუმცა, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ბულინგის შემთხვევები, ძირითადად, სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდება.
წყარო: cyber.kvira.ge