logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: პროკურატურაში რეფორმები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო
- +

28 ნოემბერი. 2016. 22:49



საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც შოთაძემ განაცხადა, პროკურატურაში რეფორმები 2012 წლის 1 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო. შოთაძემ ასევე დასძინა, რომ ერთი წლის განმავლობაში, პროკურატურამ სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია.


„პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ იუსტიციის მინისტრმა საპროკურორო უფლებამოსილება მოიხსნა და ეს მთლიანად მთავარ პროკურორზე გადავიდა. რეფორმის ეტაპი 2015 წელს განხორციელდა, რითაც პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ნეიტრალიტეტი განმტკიცდა. რეფორმის ფარგლებში შეიქმნა ასევე საპროკურორო საბჭო და პარლამენტმა 6 წლის ვადით სწორედ ამ რეფორმების შედეგად ამირჩია.

 

პროკურატურა სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქციას ექსკლუზიურად ახორციელებს და ამ ფუნქციის ფარგლებში ვახორციელებთ საპროკურორო ზედამხედველობას და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებს სრულად ვიძიებთ. შესაბამისად,  ჩვენი პრიორიტეტი დანაშაულის პრევენცია და დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, მათთვის ეთიკის ნორმების დადგენა და ზოგადად, პროკურატურის იმიჯის გამოსწორება-ამაღლებაა, რაც ბოლო პერიოდში საკმაოდ შებღალული და ჩვენთვის უმძიმესი მემკვიდრეობა იყო", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.


როგორც შოთაძემ აღნიშნა, 2016 წლის იანვრიდან ძალაში შესული არასრულწლოვანთა კოდექსი რევოლუციური იყო.


„ამ რევოლუციური კოდექსით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეგულაციები განისაზღვრა. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი არასრულწლოვანთა არა დასჯა, არამედ მათი საზოგადოებაში მობრუნება და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა. ამ მიზნით, ხშირად ვიყენებთ სასჯელის ალტერნატიულ მექანიზმებს - განრიდებას და დისკრეციას. პირველად, 2016 წელს დაფიქსირდა შემთხვევა, როცა განრიდების რაოდენობა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რაოდენობას აღემატება. აქვე უნდა ითქვას, რომ განრიდების მაჩვენებლის ზრდა არასრულწლოვნებში დანაშაულის მატებასთან არანაირ კავშირში არ არის. თუ კრიმინალურ მაჩვენებლებს წინა წლების მაჩვენებლებს შევადარებთ, არასრულწლოვნებში დანაშაულის მაჩვენებელი მომატებული არ არის. ასევე შემცირდა პატიმრობის მაჩვენებელი და ძალიან მცირეა მათ მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენების მაჩვენებელი. ჩვენი მიდგომა ლიბერალურია, რაც დიდ ეფექტს იძლევა და განრიდებული არასრულწლოვნების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რეციდივი  ფაქტიურად არ არის", - განაცხადა შოთაძემ.


შოთაძემ ასევე პროკურატურის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც შოტაძემ  აღნიშნა, ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოძიება და ეფექტური სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.


„ამ მიმართულებით, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, რის შედეგადაც, ბოლო წლებში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება გაიზარდა. მსგავს დანაშაულზე ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა საკმაოდ მკაცრია და ამ შემთხვევაში, ალტერნატიული სასჯელის სახეები - განრიდება და დისკრეცია ფაქტიურად არ გამოიყენება. ოჯახური ძალადობის ყველა მსხვერპლს მოვუწოდებ, სამართალდამცავ ორგანოებს მოგვმართონ. ჩვენ კი, ეფექტურ რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ და მათ უფლებებს დავიცავთ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner