logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გამოძიებისთვის უკვე მიცემული მაქვს
- +

28 ნოემბერი. 2016. 22:50


 

„მოხდება თუ არა ჩემი დაკითხვა სასამართლოზე, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გამოძიებისთვის უკვე მიცემული მაქვს", - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას PALITRANEWS-ის გადაცემა „360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.


სოზარ სუბარმა, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს სახალხო დამცველი იყო, გადაცემაში გაიხსენა, თუ როგორ შეხვდა 4 ნოემბერს ვასილ მაღლაფერიძეს მისივე სურვილით, რომელიც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო და როგორ მოუყვა მაღლაფერიძემ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შემდგარი თათბირის შესახებ.


სოზარ სუბარის თქმით, მან მიღებული ინფორმაცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გააცნო.


„2007 წლის 4 ნოემბრის გახსენება დეტალებში შემიძლია. ეს იყო დღე, როდესაც მე ვილნიუსში მივფრინავდი, სადაც სერიოზული შეხვედრები იყო ჩანიშნული. 4 ნოემბერს დამირეკა ვასილ მაღლაფერიძემ და მთხოვა შეხვედრა. ეს იყო ღამის 4 საათი. ჩვენ შევხვდით და მან დეტალებში მიამბო ის, რაც მან დღეს მოყვა სასამართლოზე.

 

მე ვილნიუსში მივფრინავდი და წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ დემონსტრაციები დაღმავალი ხაზით მიდიოდა და არაფერი საგანგაშო არ ხდებოდა. სწორედ ამ დროს დაიგეგმა არაადამიანური და მზაკვრული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან.

 

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ მაშინ მიამბო, თათბირს ესწრებოდა აბსოლუტურად ყველა გუბერნატორი, ასევე, ადეიშვილი, კეზერაშვილი, მაშინდელი კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი და გიგი უგულავა. მე ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ინფორმაცია მიწოდებული მაქვს და რამდენად გახდება სასამართლოზე ჩემი მისვლა საჭირო, ეს არ ვიცი.

 

ინფორმაცია ისევე მიწოდებული მაქვს გამოძიებისთვის, როგორც ის წერილი, რომელიც მეორე დღესვე ვასილ მაღლაფერიძემ გადმომცა და სადაც წერილობით იყო ის, რაც 4 ნოემბერს ღამით მიამბო. 8 ნოემბერს ეს წერილი უკვე გადათარგმნილი მქონდა და გადავეცი თომას ჰამერბერგს - ადამიანის უფლებათა კომისარს, პიტერ სემნების, რომელიც იყო ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის" საქმეზე 28 ნოემბერს მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე დაიკითხა. ვასილ მაღლაფერიძემ პროცესზე დეტალურად გაიხსენა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, სადაც, მაღლაფერიძის თქმით, საუბარი შეეხებოდა დემონსტრანტების დაშლის გეგმას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner