ქართველი რეჟისორის, კონსტანტინე ჯაფარიძის ფილმი „When I Was" კანის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ თავად რეჟისორი და მსახიობი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:
„ამ წუთას დამირეკა კანის კინოფესტივალის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანსუა პინიონმა და მითხრა, რომ ჩემმა გაგზავნილმა ფილმმა კანში ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და მას დაუშვებენ კინოფესტივალზე. ფილმს, 7 მაისს, ფესტივალამდე 4 დღით ადრე, მსახიობები რობერტ დე ნირო და ბრედ პიტი განიხილავენ. ძალიან გახარებული ვარ".
როგორც „კვირას" თავად რეჟისორმა განუცხადა, ფილმის იდეის ავტორია მარკ ლესტერი, რეჟისორი ფილმისა ,,Commando".
„ფილმი მონატრებაზეა, რომელიც ცოლ-ქმარს გადახდა თავს. ის რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. კანის კინოფესტივალზე კი ფილმს რობერტ დე ნირო და ბრედ პიტი განიხილავენ",- განაცადა ჯაფარიძემ.
კონსტანტინე ჯაფარიძის თქმით, მარკ ლესტერი თბილისში ნახა. მაისში თბილისში დახურული შეხვედრის დროს ლესტერმა „საუბარში ჩამოაგდო თემა. ეს ისტორია ლოს-ანჯელესში 2 წლის წინ მოხდა". ფილმი სექტემბერში ბათუმში გადაიღო, რეჟისორი და ოპერატორიც თავად არის.
კითხვაზე, თუ რას ელის იგი კანის კინოფესტივალისგან, კონსტანტინე ჯაფარიძემ განაცხადა:
„კანის ფესტივალიდან ველი იმას, რომ საზოგადოება სიყვარულს ისე არ შეხედავს, თითქოს რაიმე ნივთი იყოს, უბედურია კაცი, რომელიც ამ გრძნობის გარეშე წავა ამქვეყნიდან, ჩემი ჯილდო ხალხისგან წამოსული სიყვარული იქნება, „ოსკარის" მოპოვება ადვილია, მაგრამ სიყვარულის მოპოვება რჩეულებს ძალუძთ".
რეჟისორის თქმით, იგი ფილმებს დამოუკიდებლად იღებს. ახლა კიდევ ერთ ფილმზე მუშაობს, სადაც მთავარ როლს ბოდიბილდერი ზურა ნებიერიძე შეასრულებს.
„რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ვიღებ, ტერმინატორის ნაირ ფილმს მილიონები უნდა. მაგის საშუალება მე არ მაქვს. მსახიობებიც უანგაროდ თამაშობენ. მადლობა მათ და ზურა ნებიერიძეს, რომელიც დღემდე გვერდში მიდგას. ახლა კიდევ ერთ ფილმს ,,Strongman" ვაპირებ, სადაც მთავარ როლს ბოდიბილდერი ზურა ნებიერიძე შეასრულებს. ეს ფილმი დამოუკიდებლად გადავიღე, მალე გამოვა კინოთეატრებში. ,,Strongman" ზურას ცხოვრებაზე და შემოქმედებაზეა", - განუცხადა „კვირას" კონსტანტინე ჯაფარიძემ.
ცნობისათვის: დაახლოებით ერთი თვის წინ კი ჰოლივუდის მსახიობმა უესლი სნაიპსმა, ქართველი მსახიობი კონსტანტინე ჯაფარიძე „ბლეიდის" მეოთხე ნაწილის გადაღებებზე მიიწვია, ფილმის რეჟისორი სტივენ ნორინგტონია და ფილმში მთავარ როლებს უესლი სნაიპსი, სტივენ დორფი და სილვესტერ სტალონე ასრულებენ. ფილმის სექტემბერშია დაგეგმილი, პრემიერა კი 2018 წელს სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში"გაიმართება.
ფილმის გადაღებები სექტემბრიდან ლოს-ანჯელესში დაიწყება.