გთავაზობთ ლელა ანჯაფარიძის facebook-სტატუსს:
„დღეს, გაღვიძებისას, ცაში რომ აიხედავთ, გემრიელად ყვითელი ფერის მზეზე აუცილებლად შეამჩნევთ უჯრედების ფორმის შავ ლაქებს და აქედან გამომდინარე, მიხვდებით (მანამდე გუმანით თუ ვერ იგრძნეთ), რომ დღეს...
ტაქსის საერთაშორისო დღეა...ზუსტად ამ დღეს, 109 წლის წინ, 1907 წლის 22 მარტს, ლონდონის ნისლით დაბურულ დილის ქუჩებში პირველად გამოვიდა მანქანა, „სჩოტჩიკით" (მრიცხველით), რომელსაც ჯერ „ტაქსომოტორი", ხოლო შემდეგ, „ტაქსი" შეარქვეს ("taхе" -ფრანგულად გადახდაა, "metron" ბერძნულად გაზომვა).
პირველი ტაქსები იყო ან მწვანე ამ წითელი ფერის. ისინი „გააწიწილა" ნიუ-იორკელმა ჯონ ჰირცმა, რომელიც ახალი მანქანების გაყიდვისას, თანხის გარკვეულ ნაწილს იღებდა ძველი მანქანებით, რომლებსაც შემდგომ არემონტებდა. როდესაც მას დაუგროვდა სოლიდური პარკი, გადაწყვიტა ტაქსების ბიზნესის დაწყება და მისი მანქანები სხვა მანქანებისგან რომ გამოერჩიათ, ერთ ფერად შეღება. რათა ყვითლად? ნიუ-იორკელების გამოკითხვით, ყველაზე პოპულარული და ცნობადი ფერები იყო წითელი და ყვითელი, ხოლო წითელი ფერი უკვე მეხანძრეებს ქონდათ ჩაგდებული ხელში...
სხვათაშორის, ტაქსი სულ კი არ ტაქსაობდა. მის ისტორიაში გმირული ფურცლებიცაა ჩაწერილი. 1914 წლის შემოდგომაზე, გერმანულმა ჯარებმა გაარღვიეს ფრანგების თავდაცვა და გაემართენ პარიზისკენ, აუცილებელი გახდა მათ დასახვედრად რეზერვის წინ წამოწევა, მაგრან ფრანგებს ტრანსპორტი არ ყოფნიდა და მაშინ პარიზის ტაქსის მძღოლოებმა მობილიზაცია გამოაცხადეს და 1200 ტაქსმა 6500 ჯარისკაცი მიიყვანა მდინარე მარნას საზღვართან, რამაც ფრანგებს ბრძოლა მოაგებინათ. ამის შემდეგ ამბობენ : „რომი ბატებმა, ხოლო პარიზი ტაქსებმა გადაარჩინესო".
ტაქსი ასევე შეიძლება კინოვარსკვლავად გამოცხადდეს, მასზე და მის მძღოლებზე თითქმის იმდენი ფილმია გადაღებული, როგორც ტანკისტებზე. მე კი კოლაჟზე შემოგთავაზეთ ყველაზე საყვარელი „ტაქსის მძღოლები": დე ნირო, ოლეგ ეფრემოვი და, რა თქმა უნდა, ალექსანდრე პაპანოვი...
ტაქსი არაჩვეულებრივი პოლიტტექნოლოგიური საშუალებაა, რადგანაც ინფორმაციის სწრაფი გადაცემისა და გავრცელების უბადლო წყაროა, რაც მე მოსკოვში საელჩოში მუშაობისას, ტაქსისტები და შესაბამისად, მათ ტაქსებში შემდგომში ჩამსხდარი მგზავრები ჩვენს მხარეზე გადმომიბირებია...რა მოთვლის... მართალია, რამდენჯერმე ჩამომსვეს კიდევაც, მაგრამ ეს არაფერი, მოსკოვში ტაქსის დაჭერა პრობლემა არ იყო... თანაც საზოგადოებრივი აზრის გასაგებადაც, ტაქსის მძღოლის ინფორმაცია, წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების სოციოლოგიურ გამოკითხვებზე უფრო ზუსტია... (გადამოწმებული მაქვს)... აი, ხომ ხედავთ, რამდენი ფუნქცია გააჩნია ტაქსს, ძირითადის გარდა...
ჩემში ტაქსი იწვევს უთბილეს მოგონებებს... რადგანაც, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე თითქმის ყოველი დილა იწყებოდა იმით, რომ გალიჩკა ჯემალიკოს, ოპერაში გასვლის წინ ეუბნებოდა: „ჯემუკა, ახლა ტაქსით არ წახვიდე, შენ როგორც იცი. წადი ნორმალური ადამიანივით ტროლეიბუსითო", ჯემალი თავს უქნევდა და, რა თქმა უნდა, სახლის კუთხეში ტაქსში ხტებოდა და ხშირად ბოლო, დაკუჭულ მანეთიანს იხდიდა. სამაგიეროდ, თბილისის ყველა ტაქსისტთან ძმაკაცობდა და მერე, ერთად რომ ვსხდებოდით ტაქსში და ტაქსისტი სახელით მიმართავდა და ერთმანეთს ოჯახის ამბებს რომ გამოკითხავდნენ, ჯემალიკო ამაყად გადახედავდა ხოლმე „ტროლეიბუსების მოყვარულ" გალიჩკას......
გილოცავთ დღევანდელ "შაშიჩკებიან" დღეს და გისურვებთ სულ ძალიან კარგ და სასიამოვნო საქმეებზე მიგეჩქარებოდეთ და ბევრი თავისუფალი ტაქსები შეგხვედროდეთ და სულ მომღიმარე ტაქსის მძღოლები, მაგრამ გაღიმება თქვენც არ დაგავიწყდეთ, რადგანაც...
Знаешь что, я тебе умный вещь скажу, но только ты не обижайся: когда мне будет приятно, я так довезу... что тебе тоже... будет... приятно...", - წერს ანჯაფარიძე.