logo_geo
eng_logo
Deutschlandfunk: „დრონი იცვალენ“ და ყოფილი მეგობრები ერთმანეთის მიმართ „უბოროტეს მტრებად“ იქცნენ
- +

29 ნოემბერი. 2016. 14:08



„მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მიტინგზე შეკრებილი რამდენიმე ათასი კიეველი ჯერ საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა - მათ ბევრი დანაპირები ჰქონდათ წინა წლების განმავლობაში მოსმენილი, რომლებიც არ შესრულებულა. თუმცა როგორც კი საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ლაპარაკი ქვეყანაში არსებულ ოლიგარქიულ სისტემაზე დაიწყო, მიტინგზე აპლოდისმენტები გაისმა", - წერს გერმანელი კორესპონდენტი ფლორიან კელერმანი „დოიჩლანდფუნკის" („გერმანული რადიოს") ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ანალოგიური რეპორტაჟი რადიოეთერშიც გადაიცა.



გუბერნატორის პოსტიდან წასვლის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მაინც არ შორდება. საქართველოში პერსპექტივის არქონის გამო იგი ახლა შეეცდება, უკრაინელებს შორის  პოპულარობა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს. უკვე აშკარაა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ყოფილი მეგობრის, უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძოლაში გამოწვევა და ქვეყნის პოლიტიკაში „აურზაურის" მოწყობა განიზრახა.



მიხეილ სააკაშვილმა სახელი იმით „გაითქვა", რომ „საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ" გადააქცია, თუმცა ახლა, ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სერიოზულად გადაწყვიტა „თავისი კვალი უკრაინაშიც დატოვოს". ამასწინათ მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ახალი ძალების მოძრაობა" შექმნა.



პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი ოდესღაც ერთად სწავლობდნენ კიევის უნივერსიტეტში, მეგობრები იყვნენ, [სწორედ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დანიშნა იგი ოდესის გუბერნატორად], მაგრამ „დრონი იცვალენ" და ყოფილი მეგობრები ახლა ერთმანეთის მიმართ „უბოროტეს მტრებად" იქცნენ. როგორც ჩანს, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს ყელში ამოუვიდა, რომ პეტრო პოროშენკო მას „რეფორმების აბრად" იყენებდა და არ ეხმარებოდა. სწორედ ასე განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში გამართულ მიტინგზე.



გერმანელი ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ახალ პარტიას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინის ვერხოვნა რადას მორიგ არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში მოხვდეს. უკრაინელი პოლიტოლოგის იური ლესნიჩის თქმით, ბევრი უკრაინელი ქართველ პოლიტიკოსში ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ხედავს: „იგი ძლიერი პოლიტიკოსია, - ხაზს უსვამს პოლიტოლოგი, - იგი ხალხს ღიად და პირდაპირ ესაუბრება. სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილი სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებზე უფრო პოპულარულია".



მიხეილ სააკაშვილი დროს არ დაკარგავს და პოპულარობით მიღებულ შანსს ხელიდან არ გაუშვებს, - აღნიშნულია „დოიჩლანდფუნკის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სურს, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს და თავისი პოპულარობა ხელისუფლებაში მოსვლისა და წარმატებისთვის გამოიყენოს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner