logo_geo
eng_logo
საბჭოთა ანაბრები ვანო ჩხარტიშვილმა მიითვისა?
- +

29 ნოემბერი. 2016. 20:14


 

საბჭოთა ანაბრების გაუჩინარების ისტორია 25 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის მანძილზე საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაბა თავი, საკუთარი მოსახლეობისთვის სამართლებრივად განემარტა, ვის გამო დაკარგეს ანაბრები და რატომ გაღარიბდა ქვეყანა.


არსებობს მოსაზრება, რომ ზუსტად 25 წლის წინ, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დახმარებით, ვანო ჩხარტიშვილმა საბჭოთა ანაბრები მიითვისა. წლების მანძილზე, ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის ხელისუფლებასთან  მჭიდრო კონტაქტის საფუძველზე, ჩხარტიშვილმა პოზიციები გაიმყარა.


წლების შემდეგ, ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, დაზარალებულ მეანაბრეთა ნაწილმა სასამართლოს მიმართა. მართალია, პროცესი გაიმართა, მაგრამ მალევე დასრულდა და არც არავინ დასჯილა.


როგორც ჩანს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ (სასამართლო ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს შედგა) საკუთარი ეკონომიკის მინისტრი ვერ გაიმეტა.


საქმის მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის 1994 წლის 25 მარტის #85 ბრძანებულებით, სახელმწიფო კომერციული ბანკი საპაიო კომერციულ ბანკად გარდაიქმნა, შედეგად კი „ახალი ქართული ბანკი" შეიქმნა.


ბანკის საბჭოს წევრები ვანო ჩხარტიშვილი, თამაზ მაღლაკელიძე, ზაზა სიორიძე, ანტონ ინგოროყვა, ვალერი კვარაცხელია, ნანული შევარდნაძე, ზვიად ცეცხლაძე, ელგუჯა ბუბუტეიშვილი იყვნენ.


ვანო ჩხარტიშვილის თავმჯდომარეობით, 1994 წლის 12 ივლისს, შპს „ახალი ქართული ბანკის" დამფუძნებელთა საერთო კრება გაიმართა. ამ კრებას საპაიო კომერციული ბანკის, „ახალი ქართული ბანკის" დამფუძნებლები და 734 846 მეანაბრის უფლებამოსილებით აღჭურვილი 376 კაცი ესწრებოდა.


ამის შემდეგ მეანაბრეები დაიბარეს და მეპაიეებად გარდაქმნეს, მათი კუთვნილი თანხები კი საქართველოს საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო ფონდში გადაიტანეს.


ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებიდან ირკვევა, თუ რა სქემით შექმნა ვანო ჩხარტიშვილმა „გაერთიანებული ქართული ბანკი" (გქბ), რომელიც „ახალი ქართული ბანკის" სამართალმემკვიდრე იყო და როგორ მიითვისა საბჭოთა ანაბრები.


თანამშრომლები დაიბარეს და ბანკის აქციონერობა შესთავაზეს. თითოეულს 10 მილიონი კუპონი მიატანინეს და გქბ-ს აქციონერებად აქციეს. ცოტა ხნის შემდეგ აქციონერებს კუთვნილი აქციები დაათმობინეს, მხოლოდ 7 ლარი გადაუხადეს და ჟურნალში ხელი მოაწერინეს.


თანამშრომლების „გადაგდების" შემდეგ, გქბ-ს დამფუძნებელმა ჩხარტიშვილმა, მოქალაქეების კუთვნილი ანაბრების მითვისებაც დაიწყო.


საქმის მასალებიდან ისიც ირკვევა, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ, 1993 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბანკში 4 სერტიფიკატი შეიძინა, თითოეულის ღირებულება 10 000 მანეთი იყო. მოქალაქემ სერტიფიკატები იმ პირობით შეიძინა, რომ 10 წლის შემდეგ, სახელმწიფო ბანკიდან (მისი სამართალმემკვიდრეა გქბ) 200 000 მანეთი უნდა მიეღო. ფულმა როდესაც გაუფასურება დაიწყო, ამ პიროვნებამ თანხის უკან გატანა მოინდომა, მაგრამ უთხრეს, რომ მეანაბრეთათვის ანაბრების გაცემა შეწყვიტეს.


ათი წლის შემდეგ, ზუსტად 2003 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ მოქალაქის კუთვნილი სერტიფიკატების გასანაღდებელი თანხა უკვე 2 თეთრი იყო.


ეკონომიკის ექსპერტების განცხადებით, საბჭოთა ანაბრების გასასტუმრებლად სახელმწიფომ სპეციალური კომისია უნდა შექმნას, რომელიც ანაბრების გადაანგარიშების მეთოდოლოგიას შეიმუშავებს და ყოფილი საბჭოთა მეანაბრეების ბაზას შექმნის.


საქართველოს გარდა, ასეთი ბაზები დსთ-ის ყველა ქვეყანაში არსებობს და დიდი ხანია, თითოეულ ქვეყანას ანაბრების გასტუმრების მექანიზმებიც შემუშავებული აქვს.


როგორც წესი, საბჭოთა ანაბრები საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციების თემა იყო. სხვადასხვა პარტიები ამ თემას მხოლოდ წინასაარჩევნოდ იყენებდნენ, არჩევნების შემდეგ კი საბჭოთა ანაბრები და მეანაბრეები აღარავის ახსოვდა. არადა, აუცილებელია ამ საქმის დეტალური გამოძიება, დამნაშავე პირის თუ პირების გამოვლენა და მათი დასჯა.


სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც საბჭოთა ანაბრების გასტუმრების მეთოდოლოგიასა და მექანიზმებს შეიმუშავებს. შესაძლოა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ან თუნდაც ახალი მექანიზმის მოფიქრება.


მოკლედ, პრობლემა აქტუალურია, მისი გადაჭრის გზებიც რეალური, ახლა ჯერი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა - აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რათა 25-წლიანი პრობლემა გადაჭრას.


მაკა ჭელიძე


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner