2017 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება - აქციზური გადასახადი 1 კოლოფზე 60 თეთრით მოიმატებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ქუმსიშვილის განცხადებით, აქციზის გაზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შევა და აქციზის გაზრდის შემთხვევაში, თამბაქოს მოხმარების 10%-იანი კლება იქნება. აქციზის გადასახადი ასევე იზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზეც. მოსაკრებელი, ასევე, იზრდება სათამაშო ბიზნესში.
„შემდეგ წელს თამბაქოს ნაწარმზე 60 თეთრით გაიზრდება აქციზური გადასახადი. აქციზი იზრდება ასევე იმპორტირებულ ავტომობილებზე. ეს ჯამში მოგვცემს 45 მილიონი ლარის შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას. სიგარეტთან მიმართებაში, გათვალისწინებული გვაქვს, რომ მოხმარების 10%-იანი კლება მოხდება, მეორე შემთხვევაში, გათვალისწინებული გვაქვს, რომ 25%-იანი შემცირება მოხდება.
ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას, მიღებული ფსონების ჯამი 5%-ის ნაცვლად 10%-ით დაიბეგრება, რაც მოგვცემს 30 მილიონით დამატებით აკუმულირების შესაძლებლობას. ასევე, 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მაგიდებთან, რაც 20 მილიონი ლარით დამატებით შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას მოგვცემს. აქაც გათვალისწინებული გვაქვს, რომ მოხმარება 3-დან 5%-მდე შემცირდება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ბენზინზე, ერთ ტონაზე აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, დიზელზე - 150 ლარიდან 400 ლარამდე , გაზზე კი - 1მ3 -ზე 80 ლარიდან 200 ლარამდე.