საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა PALITRANEWS-ის ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი" ჩართვისას განაცხად, რომ მთავრობის ამოცანაა, შემცირდეს დამოკიდებულება სავალუტო რყევებზე მოსახლეობაში, განსაკუთრებით იმ მოსახლეობაში, ვისაც შემოსავლები ეროვნულ ვალუტაში გააჩნია.
ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახმაურებული ინიციატივების შესახებ ისაუბრა და ხელისუფლების ამოცანები განმარტა.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ორი მიმართულება. პირველი მიმართულება იყო ინფლაცია, ფასების ზოგადი ზრდა და მეორე მიმართულება იყო სოციალური ფონი, რომელიც გვქონდა, გვაქვს ქვეყანაში იმის გამო, რომ ძალიან ბევრი სესხი გაცემულია უცხოურ ვალუტაში. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ აუცილებლად მოვძებნიდით გამოსავალს და შემდგომში მივიღებდით გადაწყვეტილებებს, რომელიც დაეხმარებოდა ჩვენს მოქალაქებს აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ჩვენი ამოცანაა, შევამციროთ დამოკიდებულება სავალუტო რყევებზე, ჩვენს მოსახლეობაში, განსაკუთრებით იმ მოსახლეობაში, ვისაც შემოსავლები ეროვნულ ვალუტაში გააჩნია. უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება არსებობდეს მოსახლეობის ფენა, ვისაც შემოსავლები, მაგალითად, უცხოურ ვალუტაში გააჩნია, რადგან მათ თავიანთი ნათესავები ჰყავთ საზღვარგარეთ, მათ ერიცხებათ უცხოურ ვალუტაში შემოსავალი და მათთვის, რა თქმა უნდა, დოლარის კურსის ცვალებადობა არ წარმოადგენს სესხთან მიმართებაში არანაირ პრობლემას. როდესაც ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობდით, ძალიან ბევრი ქვეყანა შევისწავლეთ, რადგან ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა, სადაც აღნიშნული პრობლემა დამდგარა ან დადგება. შესაბამისად, ვნახეთ ძალიან ბევრი მაგალითი. საბოლოო ჯამში მივედით შემდეგ დასკვნებამდე, რომელიც დღეს უკვე გამოვაცხადეთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.