logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, საქმის „შეკერვა“ ერეკლე კოდუას კაბინეტში ხდებოდა
- +

29 ნოემბერი. 2016. 22:51



ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ ცალკე აღებულ რომელიმე  დეტალს შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ საქმე სწორედ დეტალებისგან შედგება, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეში კი ყველა დეტალში შეუსაბამობაა.მისი თქმით, ხელახალი გამოძიების ფარგლებში 21 ახალი მოწმეა დაკითხული და თუ მხარეები არ შეთანხმდებიან, სასამართლოზე 21-ვე მოწმე უნდა დაიკითხოს.


„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, საქმის „შეკერვა" ერეკლე კოდუას კაბინეტში ხდებოდა და სწორედ კოდუამ თქვა, რომ მკვლელობის იარაღი მაკაროვი უნდა ყოფილიყო. მისმა მოადგილე გოგიბერიძემ კი თქვა, რომ რაკი მკვლელობა სავარაუდოდ, ღამეა მომხდარი და  მეზობლებმა ვერაფერი გაიგეს, ამიტომ მაყუჩიანი იარაღი უნდა ვთქვათო. იქვე დაიგეგმა, იარაღი ხელში ვის უნდა სჭეროდა და ა.შ. ეს მოწმეები კოდუას კაბინეტში იმყოფებოდნენ და ამ ყველაფრის დაგეგმვაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

 

მოწმეები კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები, ადვოკატები, ექსპერტები, ნათესავები და ა.შ არიან. როგორც გია გვიჩიანის დედა აცხადებს, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და ავალებდნენ, შვილზე ზემოქმედება მოეხდინა. მას უნდა ეთქვა, თითქოს, გია გვიჩიანმა მას დაავალა, ნიკა ლომინაძის მკვლელობა თავისი 3 მეგობრისთვის შეეკვეთა და თითქოს, გია გვიჩიანმა მას 20 000 დოლარი გადასცა", - განაცხადა ადვოკატმა.


როგორც მან აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებიც მაშინ ცრუ ჩვენებას იძლეოდნენ, დღეს ყველაფერს დეტალურად ყვებიან.


„მთავარი მოწმე, ნოდარ გვიჩიანი, რომლის ჩვენების გამო გია გვჩიანს ბრალი წარედგინა,  სასჯელს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის. მასთან დალაპარაკება სკაიპით მოხერხდა და გვიჩიანმა დეტალურად ახსნა, თუ როგორ ახდენდნენ  მასზე ზეწოლას, როგორ აძლევდნენ დაპირებებს, რაც შეუსრულეს კიდეც. ის და პაპაჩაშვილი ადრე თურქი ბიზნესმენის მკვლელობაში იყვნენ ბრალდებული, ამის შემდეგ ნიკა ლომინაძის მკვლელობა დაიბრალეს და ორი მკვლელობის მიუხედავად, ამ ორ ადამიანს ერთი დღეც არ შეუფარდეს. შეუფარდეს 500 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა, მაგრამ მათ 5 თეთრიც არ გადაუხდიათ. მეტიც, ნოდარ გვიჩიანს ახალი პასპორტი გაუკეთეს და ახალი გვარ-სახელით უკრაინაში გაუშვეს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.


მისი თქმით, გია გვიჩიანის დაპატიმრების შემდეგ, იმისთვის, რომ გამოძიებას დახმარებოდნენ, ნიკა ლომინაძის ოჯახის წევრებმა ჩვენება შეცვალეს.


„როგორც ვიცით, ლომინაძის მკვლელობა 2002 წელს მოხდა, გია გვიჩიანი კი, 2006 წელს დააპატიმრეს. როცა მოკლულის ოჯახის წევრებს ეკითხებოდნენ, ნიკა ლომინაძე სამსახურის შესახებ სახლში რამეს ხომ არ ლაპარაკობდა, ან ვინმეს ხომ არ ასახელებდაო, ისინი 4 წლის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ნიკა სამსახურის ამბებზე სახლში არ ლაპარაკობდა და არცერთი გვარი არ დაუსახელებიაო. 2006 წელს კი, როცა გია გვიჩიანი დააპატიმრეს, იმისთვის, რომ გამოძიებას დახმარებოდნენ, მათ თითქოს გაიხსენეს და თქვეს - ნიკა ამბობდა, მგონი, გია გვიჩიანი რაღაც ფინანსურ მაქინაციებშია გახვეული და უნდა გამოვიძიოო. ეს სრული აბსურდია, რასაც ისიც ამტკიცებს, რომ მკვლელობის შემთხვევამდე 10 დღით ადრე ნიკა ლომინაძემ გია გვიჩიანს თანამშრომლებს შორის ყველაზე მაღალი პრემია გამოუწერა",  - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner