logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: ონლაინ სესხების აკრძალვა მთავრობის ახირება, ან ვინმეს წინააღმდეგ გალაშქრება არ იყო
- +

30 ნოემბერი. 2016. 01:26


 

„მგონია, რომ მთავრობის ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, ონლაინ-სესხების აკრძალვა", - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, სამომავლო გეგმები, რაც მთავრობის გუნდს გააჩნია, სწორედ რეალურ განვითარებას გულისხმობს.

 

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის, რაც ფორმალურად აიკრძალება, არაფორმალური და სხვა შედეგების მომტანი არ გახდეს. გუნდს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო,  ეს გაცნობიერებული აქვს. ეს მთავრობის ახირება, ან ვინმეს წინააღმდეგ გალაშქრება არ იყო და ამ გადაწყვეტილების უკან ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციის მიზანი დგას.  ეკონომიკური გუნდი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით სიტუაციის სტაბილიზაციას მოახერხებს, რაც ყველა კომერციული ინსტიტუტის ინტერესებში შედის. ნებისმიერი რეფორმის შედეგად, კონკრეტულ მომენტში ვიღაც ყოველთვის ზარალდება და ეს არ არის სიტუაცია, საიდანაც ისე გამოვლათ, რომ არავის არავითარი ტკივილი არ მიადგეს. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ ჩვენ პრიორიტეტები უნდა გამოვყოთ. პრიორიტეტი კი, სიტუაციის სტაბილიზაციაა.

 

მდგომარეობა არასახარბიელოა, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. გუნდს, რომელიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა, განვითარების მაღალი ტემპი ჰქონდა, მაგრამ ეს იყო გუნდი, რომელიც  გარე ვალს უფრო ადვილად იღებდა, ჩვენ კი ამ საკითხს სხვანაირად ვეკიდებოდით. ეს იყო გუნდი, რომელიც სოციალური მიმართულებით თანხების ხარჯვაზე თავს მაინცდამაინც არ იკლავდა და სოფლის მეურნეობა აბსოლუტურად იგნორირებული ჰქონდა და ა.შ. ჩვენს მიერ უარი შეგნებულად ითქვა იმ მიზეზებზე, რის გამოც პროგრესი შესაძლოა, მაშინ ცოტა უფრო მეტი იყო. გვახსოვს პრივატიზების ტენდენცია, როცა ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა. ეს შემოსავალი იყო, რითაც რაღაცები გაკეთდა, მაგრამ ყველაფრის ხელაღებით გაყიდვა დამთავრდა. ეს მთავრობა იმდენ სესხს აღარ იღებს და პრივატიზებასთან დაკავშირებით მათ გაცილებით ფრთხილი მიდგომა აქვთ; ჯანდაცვაზე ამხელა რესურსები დაიხარჯა, სოფლის მეურნეობა ფაქტიურად, შოკიდან გამოვიდა და ეს ყველაფერი ხარჯებია. ეკონომიკა კი, თანხების ყველა მიმართულებით გაშვებას ვერ იტანს. როცა თანხებს ერთი მიმართულებით უშვებ, ის მეორეს აკლდება", - განაცხადა რომან კაკულიამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner