კოლუმბიაში, ქალაქ მადელინის აეროპორთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაზუსტებული მონაცემებით, 71 ადამიანი დაიღუპა და ექვსი გადარჩა.
ბოლო მონაცემებით, თვითმფრინავში კატასტროფის მომენტში 68 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფის ადგილას მაშველებმა ავიალაინერის „შავი ყუთები" აღმოაჩინეს. კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს განცხადებით, ორივე ბორტჩამწერი კარგ მდგომარეობაშია. გამოძიება იმედოვნებს, რომ „შავი ყუთების" ანალიზი თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზს დაადგენს.
სან-პაულუდან კოლუმბიის ქალაქ მადელინში მიმავალ თვითმფრინავში ბრაზილური კლუბის „შაპეკოენსეს" ფეხბურთელები, ასევე 20 ბრაზიელელი ჟურნალისტი იმყოფებოდა. ისინი მადელინში სამხრეთ ამერიკის თასის ფინალზე მიემგზავრებოდნენ, სადაც ბრაზილიელებს ადგილობრივ კლუბთან „ატლეტიკო ნასიონალთან" უნდა ეთამაშათ.
ავიაკატასტროფის გამო ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.