logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: სისტემური დანაშაული აღარ ხდება!
- +

18 თებერვალი. 2016. 10:38



არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებელი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არათუ კრიმინალის დონემ, არამედ მისი გაშუქების აქტიურობამ იმატა. ამის შესახებ გოგიჩაიშვილმა „TV პირველის" ეთერში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ორგანიზებული, სისტემური დანაშაულები აღარ ხდება.

 

„გადავხედე შსს-ს სტატისტიკას და კრიმინალი 2006 წლიდან ხან იზრდება, ხან მცირდება. ამაზე კრიმინოლოგები უფრო კარგად ისაუბრებენ. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, საქართველოში გაიზარდა კრიმინალის გაშუქება. წინა რეჟიმის პერიოდში მედიასაშუალებების მხრიდან ასეთი მასშტაბური გაშუქება არ ყოფილა. ჩვენ გვახსოვს, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტს „პირველი არხი" როგორ ბლოკავდა და თვეების განმავლობაში არ ხდებოდა ამ არხზე სიუჟეტების გაშვება. კრიმინალის გაზრდაზე სპეკულაცია სწორად არ მიმაჩნია.

 

ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ ქვეყანაში დღესდღეობით აღარ არის ორგანიზებული დანაშაული და ეს დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც კანონები მიიღეს. ყველაზე მეტად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ აღარ არის სახელმწიფო სისტემური დანაშაული, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. აღარ არის სახელმწიფო დონის რეპრესიები და ეს პოლიტიკა მოხსნილია", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner