სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით 2014 წლიდან, ყოველწლიურად, მზადდება საქართველოს ენერგომომარაგების ობიექტების ზამთრის პერიოდისათვის მზაობის ანგარიში.
ენერგოობიექტების 2016-2017 წლების ზამთრის პერიოდისთვის მზაობის ანგარიშის შემუშავებისთვის საბჭოს აპარატში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ენერგეტიკის სამინისტროს, ელენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის სექტორების სტრუქტურული ერთეულების და მსხვილი ენერგოოპერატორების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ქვეყნის მასშტაბით ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად მიწოდების საკითხები, განვლილი წლის განმავლობაში მომხდარი ავარიების ლიკვიდაციისა და გამოვლენილ მოწყვლად უბნებზე მოსალოდნელი შემთხვევების პრევენციის მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვით და ენერგოსექტორის წარმომადგენლების განცხადებით დადგინდა, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული და გაზმომარაგების ობიექტები და სისტემები, ტექნიკური მდგომარეობის მხრივ, მომზადებულია ზამთრის პერიოდში მომხმარებლების ელენერგიით და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის. ამასთანვე, კომპანიებს აქვთ მობილიზებული საჭირო ტექნიკა, სათადარიგო მარაგ-ნაწილები და ადამიანური რესურსები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის შესაძლო გართულება, რაც ზამთრის პერიოდს ახლავს თან.