ჩეხეთში ვეტერან მოჭადრაკეთა 26-ე მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, რომელშიც საქართველოს ექვსი წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათგან ოთხმა მედლები მოიპოვა.
65 წელს გადაცილებულებში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა მე-9 ტურში დორინა ფლორეა (რუმინეთი) დაამარცხა და 8 ქულით ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედალი ელენა ფატალიბეკოვამ (რუსეთი) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო - თამარ ხმიადაშვილმა.
50 წელზე მეტი ხნის მოჭადრაკეთა ტურნირში 11 ტური გათამაშდა. თბილისელმა დიდოსტატმა გიორგი ბაღათუროვმა შავი ფიგურებით უკრაინელ ალექსანდრ რეპრინცევს სძლია და 9.5 ქულით გაიმარჯვა.
8.5-8.5 ქულით მეორე-მესამე ადგილები რეპრინცევმა და ზურაბ სტურუამ გაიყვეს. უარესი კოეფიციენტით სტურუა მესამე ადგილზე გავიდა. 6.5 ქულით ვარლამ ვეფხვიშვილმა 48-ე ადგილი დაიკავა.
ამავე ასაკში გამოდიოდა ციალა ქასოშვილი, რომელმაც 7 ქულით მესამე-მეშვიდე ადგილები გაინაწილა, კოეფიციენტით მეშვიდე იყო.