ავტორი ალა გრიგალაშვილი
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მიმართავს. საქმე ეხება პატიმარ ტარიელ პაგაშვილის სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ადვოკატის თქმით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
„აღნიშნული პიროვნება 2014 წლის 6 ნოემბერს დაპატიმრებულ იქნა ისანი-სამგორის პოლიციის მიერ. მას ბრალად დაედო ფსიქოტროპულ აფთიაქზე თავდასხმა და იქიდან 200 ლარისა და ერთი აბი ფსიქოტროპული წამლის გადატაცება.
აღნიშნულ პირს უკანონოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რაც უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. დღეს კი ეს საქმე გასაჩივრებულია უზენაეს სასამართლოში.
მივმართავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ვითხოვთ, რომ ხსენებული საქმე დაშვებულ იქნას განსახილველად უზენაეს სასამართლოში. ეს ადამიანი მხოლოდ 2 პოლიციელის ირიბი ჩვენებით არის დაპატიმრებული და პასუხისგებაში მიცემული. მაშინ როცა დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი მოწმეები ადასტურებენ ხსენებული პირის უდანაშაულობას. ჩვენ თუ დავუშვებთ თუნდაც ერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, მივიღებთ უამრავ საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, რაც ცუდად აისახება საქართველოს იმიჯზე", - განაცხადა ხაჭაპურიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.