2 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ჯაშთან ერთად ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ეწვევა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გააცნობს.
ამჟამად, სამრეკლოს ქვედა უბანზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგიური ზედამხედველობით; გამოიკვეთა ახალი გამოქვაბულები გვირაბებით. მთამსვლელებმა დაამთავრეს დამცავი ბადის გაკვრა. დასრულებულია ასევე, ცალკეული უბნების გამაგრება იტალიელი ექსპერტის კლაუდიო მარგოტინის მითითებით.
ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია. მხატვრობიდან აღებული სინჯები გადაგზავნილია ლონდონის კურტოს ინსტიტუტში, სადაც ყოველგვარი ჰონორარის გარეშე აკეთებენ ლაბორატორიულ ანალიზებს. მათგან მიღებული პასუხების შედეგად გადაწყდება, თუ როგორ გაგრძელდება კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები - კურტოს ინსტიტუტთან ერთად, ყველა მონაცემის შეჯერებით მუშავდება მომავალი საკონსერვაციო სამოქმედო გეგმა.
ვარძიის კედლის მხატვრობის გადაუდებელ გაწმენდაზე მუშაობენ თბილისის აპ. ქუთათელაძის სამხატვო აკადემიის კედლის მხატვრობის სპეციალისტები, რომლებსაც ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ კურტოს ინსტიტუტის კედლის მხატვრობის დეპარტამენტთან.
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, რომელიც უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად საკმაოდ რთულ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო. მასშტაბური რეაბილიტაცია 2014 წელს მთავრობის ინიციატივით დაიწყო.