ეკონომისტმა, ლევან კალანდაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ საზოგადოებამ ბოლომდე ვერ გაიგო ის ინიციატივები, რომელიც 1 იანვრიდან უნდა დაიწყოს და, რომელმაც თითოეული მოქალაქის ფინანსური დანაკარგების რისკის შემცირებას საფუძველი უნდა ჩაუყაროს. მისი თქმით, ძალიან ცუდია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი პანიკაში ჩაერთო.
„მთავრობის პოლიტიკა იქეთკენაა მიმართული, რომ საბოლოოდ, საზოგადოებაში დოლარზე მოთხოვნილება შემცირდეს და ლარზე აქცენტის გაკეთებამ ლარის სტაბილურობა უზრუნველყოს. ვფიქრობ, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ეს ვერ გაიგო. რიგმა ბიზნესსტრუქტურებმა შექმნილი ვითარებით ისარგებლეს. ისინი შეეცადნენ, გარკვეული სპეკულაციური ოპერაციები განეხორციელებინათ და ამით აჟიოტაჟი წაახალისეს. იმას, რომ დღეს მომხდარი მოვლენა აჟიოტაჟური იყო, ისიც მოწმობს, რომ 2.7-ზე ასული კურსი 2 საათში უცბად განეიტრალდა და დღის ბოლოსთვის ეროვნულმა ბანკმა 2.58 დააფიქსირა.
ადამიანებმა, რომლებმაც დოლარი დღეს 2.70-ად შეიძინეს, დღის ბოლოს გარკვეული თანხა წააგეს. ასეთ სიტუაციაში, საზოგადოებასთან ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის სწორი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში დეკემბრის შუა რიცხვებამდე ფინასური სტაბილურობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. დეკემბრის ბოლოსკენ კი, ლარი ისედაც დასტაბილურდება", - განაცხადა კალანდაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც პანიკური აჟიოტაჟი „ბლუმბერგზე" დაფიქსირდა.
„პრაქტიკულად, ბაზარზე, საცალო ქსელში პანიკური აჟიოტაჟი „ბლუმბერგზე" დაფიქსირებული პანიკური აჟიოტაჟის მერე გადმოვიდა. „ბლუმბერგზე" ბანკები ვაჭრობენ და არა მოქალაქეები და კომერციული სტრუქტურები. „ბლუმბერგზე" გამოიკვეთა ნიშნები, რომ გარკვეულ რყევებს ადგილი ჰქონდა, რამაც გარე ბაზარზე რეციდივის სახე მიიღო. მე მაინც მგონია, რომ დღევანდელი ქეისი განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს როგორც ეროვნული ბანკის, ისე იმ ორგანოების მხრიდან, ვინც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია. ეროვნულ ბანკს დილასვე უნდა სცოდნოდა, რომ „ბლუმბერგზე" და მის გარეთ გარკვეული პანიკური ფონი იქმნებოდა. ვისურვებდი, ეროვნულ ბანკს განცხადება არ დღის ბოლოს, არამედ დილასვე გაეკეთებინა", - განაცხადა კალანდაძემ.