„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების მონოპოლიზება მოახდინა. მისი გარემოცვა თანამემამულეებს ბიზნესს ართმევდა და ალტერნატიულ აზრს ახშობდა", - ნათქვამია უკრაინულ „obozrevatel"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორიც - იური ნოკოლოვია.
საინფორმაციო სააგენტო newspress-ი პუბლიკაციას შემოკლებულ ვერსიას აქვეყნებს:
„პრეზიდენტის კაცები ბიზნესს არამარტო მდიდრებს (ოლიგარქებს) ართმევდნენ, არამედ საშუალო ფენის წარმომადგენლებსაც. ქართველი ჟურნალისტების მონაყოლის თანახმად, საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ მოქალაქეებს ავტომობილებსაც ართმევდნენ. დღეს ათი ათასამდე სისხლის სამართლის საქმე არსებობს, რომელთა მიხედვით, ქონების ყოფილი მფლობელები აცხადებენ, რომ თავიანთი ქონება მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის წევრებზე იძულებით, ზეწოლით გადააფორმეს. რასაკვირველია, ამის დამტკიცება ძნელია, რადგან პრეზიდენტის გარემოცვა კარგად მოფიქრებული სქემით მუშაობდა. საქართველო პატარა ქვეყანაა, იქ ქონებას ვერ დამალავ, ჰოდა, ბიზნესის წართმევამ ფართო ხასიათი მიიღო.
მიხეილ სააკაშვილის „მოლარე" თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი გახლდათ, მისი ხალხი ბიზნესის 51%-ს აკონტროლებდა... როცა ხელისუფლება შეიცვალა, მან თავისი ბიზნესი სასწრაფოდ ნათესავებზე გადააფორმა.
მიხეილ სააკაშვილის „ანტიკორუფციული ბრძოლა" ასეულ ათასობით დაპატიმრებებით აღინიშნა. 2011 წელს საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა პატიმრების რაოდენობით - 4-მილიონიან ქვეყანაში სამასი ათასი კაცი პატიმრობაგამოვლილი იყო, ანუ ყოველი მეხუთე. საბოლოოდ კი პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: ქართველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა კორუფცია მოსპო, მაგრამ იმავდროულად მას წყევლა-კრულვას უთვლიან. იმიტომ, რომ მიხოს კაცები თანამემამულეებს ქონებას ძალით ართმევდნენ - რაც სურდათ და რამდენიც სურდათ. სამწუხაროდ, მასმედია ძირითადად დუმდა...
როგორც კი საშუალო კლასში საპროტესტო მუხტი დაგროვდა კეზერაშვილისეული ხარკის გადახდის მიმართ, როგორც კი ბიძინა ივანიშვილისათვის ნათელი გახდა, რომ მის მიერ დასპონსორებული მიხეილ სააკაშვილი მისსავე მომავალს ემუქრებოდა, როგორც კი ჯორჯ სოროსს იმედები გაუცრუვდა (მან დაინახა, თუ როგორი უკანონო და ავკაცური მეთოდებით ავსებდა მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ფონდებს - ფულის შეწერით და ქონების წართმევით, ყველასგან განურჩევლად), აი, მაშინ საქართველოს პრეზიდენტისადმი ნდობა ძალიან დაეცა. შესაბამისად, მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო...
საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გაქცევის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მის საქმიანობაში პოზიტივი შემცირდა, ნეგატივი კი გაიზარდა: ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ გეგონებოდათ, მიხოს ხალხი მთლად გაგიჟდაო - ისინი შეიხებივით იქცეოდნენ. პრეზიდენტის წინააღმდეგ დიდი როლი შეასრულა მისსავე შექმნილმა შიშის ატმოსფერომ (ამ მხრივ მიხო თავისი რუსი კოლეგისაგან ვლადიმირ პუტინისაგან არ განსხვავდებოდა) და საქართველოს პატრიარქმა, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილმა ურთიერთობა გაიფუჭა...
მიხეილ სააკაშვილის პოზიტივი - კორუფციის დამარცხება დაბალ დონეზე, მთლიანი შიდა პრდუქტის ზრდა - შეიცვალა ნეგატივით: გაჩნდა ელიტარული კორუფცია, დაიწყო საშუალო ბიზნესის შევიწროება, შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება, გახშირდა ძალადობა და ადამიანის უფლებების დარღვევა]... საქართველოში ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის სუნი დატრიალდა... ჰოდა, ქართველებიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიდნენ".
http://obozrevatel.com/politics/