საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის უკანონოდ შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მალხაზ კახნიაშვილი და გოჩა საყვარელიძე, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების შპს „მანგანუმ სერვისის", შპს „მარსის" და შპს „მარსი 2014"-ის სახელით, ჭიათურის რაიონში ახორციელებდნენ მანგანუმის შემცველი პროდუქციის შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციას. ბრალდებულებმა, აღნიშნული კომპანიებით საქმიანობის პროცესში, განიზრახეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება. ამ მიზნით, ისინი საბუღალტრო დოკუმენტებში შეგნებულად არასწორად ასახავდნენ შემოსავლებსა და ხარჯებს, არასწორ მონაცემებს აფიქსირებდნენ საგადასახადო დეკლარაციებში, რითაც საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1 200 000 ლარის ზიანი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებულთა მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესაძლო ჩადენის, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა კომპანიების ხელმძღვანელ პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა-დადგენის მიზნით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.