ევროპოლის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" უახლოეს პერიოდში ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებას გეგმავს.
ევროკავშირის პოლიციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ექსტრემისტების მიერ სირიასა და ერაყში ტერიტორიების დაკარგვის გამო იზრდება დასავლეთ ევროპაში ახალი ტერაქტების საფრთხე.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ თავდასხმები შესაძლოა, განახორციელონ როგორც ტერორისტთა ჯგუფებმა, ისე დამოუკიდებლად მოქმედმა ტერორისტებმა. ევროპოლის ინფორმაციით, ტერორისტული საფრთხე ყველაზე მაღალია საფრანგეთში. ასევე ისლამისტების სავარაუდო სამიზნეებს შორის დასახელებულია ბელგია, გერმანია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი.
სპეცსამსახურების შეფასებით, ამჟამად ევროპულ ქვეყნებში შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს" ათობით პოტენციური ტერორისტი იმყოფებოდეს.