logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ თემურ თათარაშვილის კონცერტი დაბლოკა!
- +

22 მარტი. 2016. 16:13

 

 

ხათუნა ხუნდაძე: არ ვიცი, რობი უილიამსის ჩამოსვლის გამო მილიონების ხარჯვა რამდენად გაახარებს ნახევრად მშიერ ხალხს, თორემ უილიამსის და მისი მენეჯერების ჯიბეს 26 მაისის ჰონორარი უდავოდ დაამშვენებს!


რეპრესიებგამოვლილ მომღერალ თემურ თათარაშვილს, რომელმაც თავის დროზე ნაციონალურ რეჟიმს არ უმღერა, 2006 წელს ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, 2008 წელს გათავისუფლდა და მას შემდეგ მოსკოვში მოღვაწეობს. კულტურის სამინისტროს სათანადო კომისიამ ჯერ მიიღო ოქმი ფილარმონიაში თათარაშვილის საიუბილეო კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ გააუქმა და ახალი შეადგინა, რომლითაც თემურ თათარაშვილს კონცერტის ჩატარებაზე უარი ეთქვა. ალბათ, სათანადო ორგანოები დაინტერესდებიან, კომისიის მიერ მიღებული და ხელმოწერილი ოქმის განადგურება, ზოგადად, არის თუ არა დანაშაული. სხვათაშორის, კულტურის სამინისტროს კულუარებიდან ხმა გავრცელდა, რომ ზოგიერთები წუხდნენ კიდეც, ეს ამბავი რომ გასკდეს, დაგვიჭერენო.



რატომ გაუქმდა თემურ თათარაშვილის საიუბილეო კონცერტი? ამის დასადგენად კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს დავუკავშირდით: კულტურის მინისტრის მოადგილეებს მანანა ბერიკაშვილსა და ლევან ხარატიშვილს, მინისტრის მრჩეველს გიორგი გეგეჭკორს, კანცელარიის უფროსს ეკა გურგენიძეს, რომლებმაც კონცერტის გაუქმების მიზეზი ვერ დაასახელეს.


მანანა ბერიკაშვილი: - დაზუსტებით ვერ გეტვით, ეს ჩემს დაქვემდებარებაში არ არის,  შემიძლია, ორშაბათს გიპასუხოთ.


ლევან ხარატიშვილი: - ვერ გეტყვით, სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებით.


გიორგი გეგეჭკორი: - ნეკა სებისკვერაძესთან უნდა დარეკოთ, მთელი მონიტორინგი მას ეხება.


ეკა გურგენიძე: - ეს საკითხები მე არ მეხება.


საინტერესოა, ნაციონალებისგან შერისხული მომღერლების იგნორირება ისევ ნაციონალებთან კოჰაბიტაციის გამო ხომ არ ხდება? კონცერტის გადადების მიზეზად თუ იმას მოიდებენ, რომ თემურ თათარაშვილი საქართველოში აღარ ახსოვთ, ძალიან ცდებიან. ამას ჯერ კიდევ 2012 წელს ფილარმონიაში გამართული კონცერტიც მოწმობს, როდესაც მაყურებელი მონატრებულ მომღერალს ოვაციებით შეხვდა და დარბაზში ერთი თავისუფალი ადგილიც არ დარჩა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კულტურის ამჟამინდელი მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მისი საძმო ჯაზზე „აფანატებენ" და თემურ თათარაშვილის საესტრადო სიმღერები მათ გემოვნებაში არ ჯდება, კონცერტის გაუქმების მიზეზი სრულიად გასაგები ხდება. ამათთვის რომ მხოლოდ ჯაზია პრიორიტეტული, ისიც ადასტურებს, რომ სულ მალე კულტურის სამინისტრო ჯაზური მუსიკის შემსრულებელ გულიკო ჭანტურიას იუბილეს გაუმართავს ფილარმონიაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ესენი ისევ „რურუას აუზში" ბანაობენ...


თემურ თათარაშვილის კონცერტის გაუქმების პარალელურად, კულტურის მინისტრმა საქართველოში რობი უილიამსისა და ელტონ ჯონის კონცერტების გამართვა დააანონსა. თან ისიც ბრძანა, ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდებაო. ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენია მათთვის „სიმბოლური ფასი". გავრცელებული ინფორმაციით, ეს კონცერტები 29 მილიონით ფინანსდება. ამ ფაქტით აღშფოთებული კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ხათუნა ხუნდაძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს:


- მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ კულტურის სამინისტრო რობი უილიამსის და რამაზოტის კონცერტებში სახელმწიფო ხაზინიდან 29 მილიონის გამოყოფას ითხოვს, მოსვენება დავკარგე. იცით, 29 მილიონი რამდენია და ამ თანხით კულტურაში რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება? ნამყოფი ხართ ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის შენობაში? - ცრემლი მოგადგებათ, ისე იავარქმნილია იქაურობა. ზუგდიდის თეატრი ინგრევა, კულტურის სამინისტროს კი კითხვა არ უჩნდება, სად უნდა ითამაშონ მსახიობებმა? ნუთუ მათთვის არავის მოუყოლია კინოთეატრ „აპოლოს" ამბავი, არ იციან, როგორ ინსტრუმენტებზე უკრავენ სახელმწიფო ორკესტრების მუსიკოსები? არც ის იციან, რომ პანტომიმის თეატრი თავშესაფარს ეძებს, ასევე თოჯინების თეატრი, რომელსაც სახლი არა აქვს და პატარების წინ თოჯინები თვალცრემლიანი თამაშობენ? აბა, მხოლო ის იციან, კულტურის სამინისტროში ქართველ მელომანებს რობი უილიამსი, ელტონი ჯონი და ეროს რამაზოტი რომ უყვართ? ჰოდა, თუ მარტო ეს იციან და სხვა არაფერი, სახლში წაბრძანდნენ და გზა იმათ დაუთმონ, ვისაც ქართულ კულტურაზე გული შესტკივა.


- რობი უილიამსის კონცერტისთვის 29 მილიონს ითხოვენ, ქართველი მომღერლის თემურ თათარაშვილის საიუბილეო კონცერტი კი გააუქმეს...

 

- ხალხისთვის მაინც ეკითხათ, უილიამსისა და რომაზოტის სიმღერები უნდათ თუ თემურის? დიახ, თემურ თათარაშვილის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი ოსტატურად და გარკვეული გაყალბებითაც კი დაბლოკეს. ვინ მისცა უფლება, ხალხს თავზე მოახვიონ თავიანთი გემოვნება, ჯაზი „შპრიცით შეუყვანონ" და ზედ უილიმსი ან რამაზოტი დააყოლებინონ? (თან ამბის მთქმელიც არავინაა, რატომ და რა მიზეზით დაბლოკეს თემური. სამინისტროში ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს). ჯაზი მიყვარს, მაგრამ ზედმეტი ვიტამინიც არ ვარგა.


- ამბობენ, უცხოელი მომღერლების მოწვევით ტურიზმი განვითარდებაო.

 

- „ზემოთ" ნამდვილად ფინანსებსა და ტურიზმის საქმეში ჩემზე გამოცდილი ადამიანები სხედან, მაგრამ მაინც ვიკითხავ - რამაზოტის კონცერტმა ტურიზმი როგორ უნდა აამაღლოს? (ცნობისათვის - სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტი დანიშნულია 25 აპრილს, ვნების კვირაში - ქ.ხ.).


თავს თუ იმით იმართლებენ, ამ კონცერტებში ქართული ესტრადის მოღვაწეებიც დასაქმდებიან, ორ კაპიკს გააკეთებენო, ეს ამბავი, ნამდვილად მახარებს, მაგრამ რატომ არ იხედებიან თეატრალური ფესტივალებისკენ, რომლებიც მართლაც ცნობიერებას უმაღლებს ჩვენს მოსახლეობს? თეატრალური თუ კინოფესტივალების ორგანიზატორები სპონსორების დევნაში რკინის ქალამნებს ცვეთენ, კაპიკს კაპიკზე აწებებენ და არაქათგამოცლილებს სათქმელი ჩვენამდე მაინც მოაქვთ. რატომ მათ არ უწყობენ ხელს? იქნებ რეგიონებში გაგვეტანა საფესტივალო სპექტაკლები, გურიაში და სამეგრელოში კრიმოვს ვერ გაიგებენ თუ ლეპაჟს? ქუთაისზე და საქართველოს სხვა კუთხეებზე აღარაფერს ვამბობ, სადაც თეატრები, თუნდაც ნაგებობის სახით, ჯერ კიდევ შემორჩენილია.


- რამაზოტის ახსენებთ და რობი უილიამსზე არაფერს ამბობთ...

 

- ეგ, მგონი, 26 მაისისთვის ჩამოჰყავთ. კულტურის მინისტრმა ბრძანა, ხალხი უნდა გავახაროთ, ბილეთებს ისეთი ფასი ექნება, შეწვდებიანო. არ ვიცი, რობი უილიამსის ჩამოსვლის გამო მილიონების ხარჯვა რამდენად გაახარებს ნახევრად მშიერ ხალხს, თორემ უილიამსის და მისი მენეჯერების ჯიბეს 26 მაისის ჰონორარი უდავოდ დაამშვენებს.


- კინოსტუდია „ქართულ ფილმში" რა სიტუაციაა?

 

- მე გახლავართ კინოსტუდია „ქართული ფილმის" დირექტორის მოადგილე, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მერაბ კოკოჩაშვილმა ნდობით აღმჭურვა. ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, ეს ნდობა გავამართლო, კარდაკარ დავრბივარ, რომ კინოსტუდიას რაიმე შევმატო - უკვე კარიც აღარ დამრჩა შესაღები. ვფიქრობდი, ეგებ, მთავრობას წერილი მივწერო, დაგვეხმარონ-მეთქი, მაგრამ ფეხს ვითრევდი, კინოზე აქტუალური საქმეები ექნებათ, არ შევაწუხებ-მეთქი. მაგრამ როცა 29-მილიონიანი დიმპიტაურის ამბავს მოვკარი ყური, გავოგნდი. იცით, რომ კინოს განვითარებაზე წელიწადში მხოლოდ 4 მილიონია გამოყოფილი? ქართულ კინოს თუ არ გააქვს საზღვრებს გარეთ საქართველოს სახელი, აბა, ვის გააქვს? დებიუტანტები (ასე უწოდებენ რეჟისორებს, რომლებსაც ჯერ სრულმეტრაჟიანი, ანუ 52 წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ფილმი არა აქვთ გადაღებული) მიჩერებული ვართ იმ ერთ სანუკვარ კონკურსს, რომელსაც კინოცენტრი (იგივე კულტურის სამინისტრო) აცხადებს.


ალბათ, ხვდებით, სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას რომ ვეღირსოთ, რამხელა რიგში გვიწევს დგომა? 60 წელს მიტანებული ქართველი  რეჟისორები კვლავ დებიუტანტებად რჩებიან. იმ 29 მილიონიდან 1 მილიონი ამ კონკურსისთვის რომ დაემატებინათ და წელიწადში 4 ფილმი მაინც დაეფინანსებინათ, ეგებ ისეთი მარგალიტები აღმოეჩინათ, სულ „ოსკარები", „პალმის რტოები", ოქროს ლომები და დათვები ჩამოგვეტანა?!


სირცხვილი არ არის, ელდარ და გიორგი შენგელაიები, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ესაძე, მიშა კობახიძე, ლანა ღოღობერიძე, საშა რეხვიაშვილი და ბაადურ წულაძე (და კიდევ ბევრი ჩვენი სასიქადულო რეჟისორი) ჩვენთან ერთად გამოდიოდნენ კონკურსზე, თანაც უშედეგოდ? ეგებ, იმ 29 მილიონიდან 1 მილიონი ამ ქართველი კლასიკოსებისთვის გამოეყოთ, რაც ახალგაზრდა რეჟისორებს უხერხულობის განცდას მაინც მოგვიშლიდა. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ვინმეს ხომ უნდა აეხილოს თვალები, გული ხომ უნდა აენთოს და მიხედოს ქართულ კულტურას?!


P.S. ცნობილია რომ ჯერ კიდევ კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ალეკო მარგიშვილს „ისტერნ პრომოუშენის" ხელმძღვანელების (ახლანდელი კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის, კახა კანდელაკისა და მისი მეგობრების) წინააღმდეგ პროკურატურაში აქვს შეტანილი სარჩელი სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვასთან დაკავშირებით. საინტერესოა, ეს საქმე რატომ არის თაროზე შემოდებული?




მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner